ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 3 პირს ბრალი წარედგინა
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 3 პირს ბრალი წარედგინა.
37 წლის ბაჩუკი ლატარიას გამოძიება განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას და დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, ბიძინა ხასიას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. როგორც ცნობილია, მისი დაკავების დროს ბიძინა ხასიამ მოქმედებაში მოიყვანა ხელყუმბარა.
მესამე დაკავებული – ლევან რაჯაბია, რომელსაც გამოძიება წინააღმდეგობის გაწევას ედავება. არაა გამორიცხული, რომ საქმეზე დაკავებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, გამოძიება მკვლელობის დამკვეთს ეძებს.
ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს გვიან ღამით, საბურთალოზე, ნაქირავები სახლის სადარბაზოსთან მოკლეს, მას რამდენჯერმე ესროლეს. მეზობლები ამბობენ, რომ შენიშნეს ადამიანი, რომელიც მკვლელობის ადგილიდან გარბოდა. არსებული ინფორმაციით, შატალოვას და ბათუმის ყოფილ მერს, ზურაბ ბერიძეს საერთო შვილი ჰყავთ და მათ ბავშვზე მეურვეობასთან დაკავშირებით დავა ჰქონდათ.