დიტო საძაგლიშვილი: დაველოდოთ კონსილიუმის გადაწყვეტილებას, თუ აუცილებელი გახდება საავადმყოფოში გადაყვანა, წინააღმდეგობა სააკაშვილის მხრიდან არ იქნება
“პირველ ყოვლისა, უნდა დაველოდოთ კონსილიუმის გადაწყვეტილებას და თუ სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდება კერძო კლინიკაში ან საავადმყოფოში მოთავსება, ამ თვალსაზრისით წინააღმდეგობა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ იქნება”, – ამის შესახებ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
“პირველ ყოვლისა, უნდა დაველოდოთ კონსილიუმის გადაწყვეტილებას და თუ სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდება კერძო კლინიკაში ან საავადმყოფოში მოთავსება, ამ თვალსაზრისით წინააღმდეგობა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ იქნება. თუმცა, აქაც ხელისუფლების შიში, რომ საზოგადოებამ არ ნახოს მიხეილ სააკაშვილი, აისახება ამ გადაწყვეტილებაზეც. არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ უარი თქვას სტანდარტულ ფორმაზე, როდესაც კერძო კლინიკებში გადაჰყავთ პატიმრები და ციხის საავადმყოფოში მოახდინონ მოთავსება. ჩემთვის უცნობია ექიმთა ჯგუფის შემადგენლობის შესახებ, ამ საკითხზე გვქონდა საუბარი მიხეილ სააკაშვილთანაც და მისი პოზიციაა, რომ არ გვაქვს განსაკუთრებული მოლოდინი ამ ჯგუფთან დაკავშირებით, მაგრამ, ბუნებრივია, საქმიანობაში ხელს არ შევუშლით“, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს, მის წინააღმდეგ არსებულ 4 საქმეზე მოსამართლეს განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს და ის მსჯავრს რუსთავის მე-12 საპატიმროში იხდის. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მე-19 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.