მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების სახელზე მომზადებული მიმართვა გამოხატავს პირადი ურთიერთობების საფუძველზე შექმნილ სუბიექტურ მოსაზრებებს საქართველოსთან მიმართებით

????????????????????????????????????

„მსურს, გამოვეხმაურო ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების სახელზე მომზადებულ მიმართვას, რომელსაც, სხვა ყოფილ სახელმწიფო მოხელეებთან ერთად, ევროპარლამენტის რამდენიმე ამჟამინდელი წევრიც აწერს ხელს, რომელიც გამოხატავს პირადი ურთიერთობების საფუძველზე შექმნილ სუბიექტურ მოსაზრებებს საქართველოსთან მიმართებით”, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, როგორც საქართველოს ამაყ მოქალაქეს, არ სურს, რომ მისი ქვეყნის პრეზიდენტები, ან სახელმწიფო მოხელეები, მოღვაწეობის შემდეგ იქ ხვდებოდნენ, სადაც დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება.

„ამასთანავე, მიმაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანამ თავი აარიდოს ორმაგი სტანდარტების დანერგვას და ვიხელმძღვანელოთ სწორედ იმ ევროპული სტანდარტით, რომლისკენაც ასე მივისწრაფვით. შემდეგ რომ არ შეგვრცხვეს ჩვენი შვილების, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ სტანდარტით პოლიტიკოსობა არ ნიშნავს კანონის წინაშე იმუნიტეტის ქონას და კანონებს არ არგებენ ერთეულ პოლიტიკოსებს. როგორც ქართველ პოლიტიკოსს, რომელსაც მაქვს ამბიცია, ჩემი პოლიტიკური საქმიანობა სრულად მივუძღვნა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მიმაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება დემოკრატიის სტანდარტების ერთგულება, რაც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს სამართლის უზენაესობას და კანონის წინაშე ყველას თანასწორობას. ამ მოსაზრებას იზიარებს ევროპელი პოლიტიკოსების უმეტესობა, რომელთათვისაც ევროპული ფასეულობები ევროკავშირის მთავარი საფუძველი და ძალაა”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მათ, ვინც თავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ქომაგად მიიჩნევს, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფო სისტემაზე და ინსტიტუტებზე ჩრდილის მიყენება და მათი სრული დისკრედიტაციის დაუსაბუთებელი მცდელობა საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ მხოლოდ ხელს უშლის და არ ემსახურება საქართველოს სტრატეგიული ინტერესებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები