ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ორმხრივი შეხვედრა გამართა

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა და საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობა, შავი ზღვისა და რეგიონული უსაფრთხოება, აშშ-ის მზარდი მხარდაჭერით მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი საქართველოს თავდაცვის ძალებში, მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში მხარდამხარ მსახური და აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში – ის ძირითადი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ორმხრივ შეხვედრაზე იმსჯელეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოლეგების შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საპატიო ყარაულის მონაწილეობითა და სამხედრო ორკესტრის მიერ აშშ-ისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ შედგა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ჩამოსვლა ისტორიულად შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ვიზიტი ქართველი ხალხისთვის მკაფიო გზავნილია, რომ აშშ საქართველოს გვერდითაა, ხოლო რეგიონისთვის ეს ნიშნავს, რომ დასავლეთს ძლიერი ინტერესი გააჩნია მთელი რეგიონის მიმართ და ვერავინ შეაჩერებს ქართველი ხალხის მისწრაფებას საქართველო გახდეს ნატოს წევრი და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ მისწრაფებაში აშშ-ის მთავრობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი შეეხო აშშ-ის მზარდი მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციას და 10-წლიანი განვითარების გეგმას, რომელიც ტერიტორიული თავდაცვის და მდგრადი საბრძოლო მზადყოფნის შესაძლებლობების განვითარებაზეა ორიენტირებული. განხილვის თემები იყო ასევე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, აშშ-საქართველოს მრავალეროვნული სწავლებები და შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის პრაქტიკული იმპლემენტაციის პერსპექტივები.

შეხვედრის დასასრულ, ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინს საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა იმ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალი წევრის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები