ნათია თურნავა: ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებით გადავაჭარბეთ პანდემიამდელ, 2019 წლის დონეს – გვაქვს ეკონომიკის აბსოლუტური ზრდა
„ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპებით იზრდება, მიმდინარეობს მისი აღდგენის პროცესი, თუმცა, უკვე გავცდით წინასწარ განსაზღვრულ საპროგნოზო მაჩვენებელსაც და გვაქვს აბსოლუტური ზრდა – ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებით გადავაჭარბეთ პანდემიამდელ, 2019 წლის დონეს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ერთი მხრივ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამავდროულად ელექტროენერგიის მოხმარების მატებასაც ნიშნავს
„ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, ეს მომატებული მოხმარება ჩვენივე საკუთარი წყაროებით იფარებოდეს – ადგილობრივი ბიზნესი და მოსახლეობა მოიხმარდეს არა იმპორტირებულ ელექტროენერგიას, არამედ ადგილზე წარმოებულს”, – აღნიშნა ნათია თურნავამ. საქსტატის ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში ეკონომიკური ზრდის ტემპმა 12 პროცენტი შეადგინა, რაც მოსალოდნელზე მაღალია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საშუალოვადიან პერიოდში – 2021 – 2026 წლებში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის. ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად მაღალი გაჯანსაღების ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა 2021 წლისთვის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მოელის.
მოსალოდნელზე პოზიტიური ტენდენციების ფონზე, სარეიტინგო კომპანიებმა: Fitch-მა, S&P-მ და Moody’s-მაც გაზარდეს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შესაბამისად 7.8%, 7.5% და 7.3%-მდე. სექტემბერში, (ADB) აზიის განვითარების ბანკმაც მნიშვნელოვნად გაზარდა 2021 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი (3.5 პროცენტიდან) 8.5 პროცენტამდე.