19-20 ოქტომბერს საქართველოს ნატოს გენმდივნის ახლად დანიშნული სპეცწარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ეწვევა

19-20 ოქტომბერს საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა ეწვევა. ეს იენს სტოლტენბერგის სპეცწარმომადგენლის რანგში საქართველოში ხავიერ კოლომინას პირველი ვიზიტი იქნება.

„შევხვდით ნატოს გენერალური მდივნის ახალ წარმომადგენელს. ის ორშაბათს ეწვევა საქართველოს პირველი ვიზიტით და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რადგან ხავიერ კოლომინა ამ რანგში პირველად ეწვევა საქართველოს. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, განვიხილოთ მასთან ერთად, რა არის ჩვენი ხედვები ნატოსთან ურთიერთობაში, როგორ ვხედავთ საქართველოს მომავალს ინტეგრაციის გზაზე“, – აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

ესპანელი დიპლომატი ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე 3 სექტემბერს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ჯეიმს აპატურაი ჩაანაცვლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები