ნიდერლანდებმა, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩინელ და რუს ინვესტორებს ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი ბირთვული სადგურების აშენება აუკრძალა. ნიდერლანდების მთავრობის ეგიდით შექმნილმა საკონსულტაციო ჯგუფმა, უსაფრთხოების სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსული და ჩინური კომპანიების ატომური ენერგიის საკითხებში ჩართულობა უდიდეს საფრთხედ მიიჩნია. საქმე 2021 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშებს ეხება, სადაც აღნიშნული ქვეყნები ნიდერლანდების ტერიტორიაზე ინდუსტრიული შპიონაჟის წარმოებაში ამხილეს. ნიდერლანდების სპეცსამსახურების მოხსენებებში ცალსახად ხაზგასმულია, რომ „ჩინეთი და რუსეთი საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის თავიანთი ინტერესების შესაბამისად შეცვლას არალეგალური მეთოდებით ცდილობენ“.
ნიდერლანდების მთავრობა ადგილობრივმა ექსპერტებმაც გააფრთხილეს: „სენსიტიური ტექნოლოგიების სფეროში ჩინეთსა და რუსეთთან თანამშრომლობა და მათი ინვესტიციების მიღება, ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით არაერთ საფრთხეს ქმნის. ეს ყველაფერი კი მათზე სტრატეგიულად არასასურველ დამოკიდებულებას იწვევს.“
ევროპის ტერიტორიაზე ბირთვული სადგურების მშენებლობაში ჩინური და რუსული კომპანიები აქტიურად არიან ჩართულები. რუსული „როსატომი“ პროექტებს ფინეთში, თურქეთსა და ბელარუსში ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ „როსატომი“ რუსეთის ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაციაა, რომელიც მსოფლიოში ატომური ენერგიის წარმოებაში მეოთხე ადგილს იკავებს. ერთი შეხედვით, „როსატომი“ ბირთვული ენერგეტიკის განვითარებით არის დაკავებული, თუმცა, ხშირად ის პუტინის დავალებებს ასრულებს და სხვადასხვა ქვეყანაში მას თავის დესტრუქციული ინტერესების გატარებაში ეხმარება. „როსატომი“ ოფიციალური მოსკოვისგან მიღებული დავალებებით ხელმძღვანელობს და მის სახელს სხვა ბირთვული სახელმწიფოების სადგურების სისტემაში ვირუსის შეყვანაც კი უკავშირდება. პუტინი სპეცსამსახურებს „როსატომის“ მსგავსი კორპორაციების სრულ მხარდაჭერას ავალებს. სანაცვლოდ, კორპორაციები უცხო ქვეყნებში ჯაშუშური საქმიანობითა და ინფორმაციის მოპარვით არიან დაკავებულები.
„როსატომის“ რუსულ დაზვერვასთან პირდაპირი კავშირები ხდება სწორედ რუსული კომპანიებისთვის შეზღუდვების დაწესების მთავარი მიზეზი. ანალოგიური მიდგომა აირჩია ჩეხეთმაც, რომელმაც ატომური ელექტროსადგურის – „დუკოვანის“ მშენებლობის დასრულებაზე გამოცხადებულ ტენდერში რუსული კომპანია „როსატომის“ მონაწილეობა დაბლოკა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჩეხეთის სპეცსამსახურების ინფორმაცია, რომ რუსულ სამხედრო დაზვერვას კავშირი ჰქონდა 2014 წელს ჩეხეთში მომხდარ საბრძოლო მასალების საწყობების აფეთქებასთან. კვალი სკრიპალების მოწამვლის საქმეში ეჭვმიტანილ ГРУ-ს თანამშრომლებამდე, ანატოლი ჩეპიგამდე და ალექსანდრ მიშკინამდე (იგივე ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბაშიროვი) – მიდიოდა.
გვანცა კაპანაძე