ვინ არის „ექსტრემისტი“, რომელსაც პუტინი 30 წლით ციხეში გამოკეტვას უპირებს

„არ იდარდოთ, გარეთ არაუგვიანეს 2051 წლის გაზაფხულამდე გამოვალ”,  – წერს ადამიანი, რომელიც ჯერ კრემლის სპეცსამსახურებმა მოწამლეს, შემდეგ კი ექსტრემისტად გამოაცხადეს. ის დიდი ხანია, ვლადიმერ პუტინს მოსვენებას არ აძლევდა, სარგებლობდა რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის პატივისცემით, ამხელდა კრემლის რეჟიმს და ცდილობდა, მშვიდობიანი აქციებით ეს რეჟიმი შეეცვალა. ეს ადამიანი ალექსეი ნავალნია. იმ სასჯელის ვადა, რომელსაც ნავალნი ახლა იხდის, 2023 წელს იწურება. თუმცა,  პუტინს მისი მაინც იმდენად ეშინია,  რომ მის წინააღმდეგ კიდევ ახალი, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

ნავალნის  კრემლი ექსტრემისტული საზოგადოების დაფუძნებასა და ხელმძღვანელობას ედავება. ამ ბრალდებით პატიმრობის მაქსიმალური ვადა 10 წელია. სულ მის წინააღმდეგ აღძრულია  სისხლის სამართლის 4 საქმე, ხოლო შეკრებითობის პრინციპით, ყველა განაჩენის მიხედვით, მას ციხეში ყოფნა 30 წელს მოუწევს. ფაქტობრივად, რუსეთის ხელისუფლებამ  მშვიდობიანი მიტინგების გამართვა, ორგანიზება ტერაქტებსა და მკვლელობებთან გაათანაბრა. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ ნავალნიმ 2014 წელს  ექსტრემისტული ორგანიზაცია შექმნა, რომელსაც  შეუერთდნენ ვოლკოვი და ჟდანოვი. უწყების აზრით, ეს ექსტრემისტული ორგანიზაცია  ნავალნის სახელგანთქმული – „კორუფციასთან ბრძოლის ფონდია“. ამ ორგანიზაციისა და ნავალნის შტაბების საქმიანობა უკვე აიკრძალა რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან ოფიციალურად ისინი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა. სწორედ ეს აღმოჩნდა პასუხი იმ ჟურნალისტურ გამოძიებებსა თუ მშვიდობიან აქციებზე, რომელთა ჩატარებასაც  ნავალნი და მისი თანაგუნდელები ბედავდნენ.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მიიჩნევს, რომ ამ ექსტრემისტული ჯგუფის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა  მიმართული იყო სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა და მათ მიერ წარმოებული პოლიტიკის დისკრედიტაციის, რეგიონებში ვითარების დესტაბილიზაციისა და მოსახლეობაში საპროტესტო განწყობის შექმნისკენ. თუმცა, ნავალნის მომხრეებიც და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, უფლებადამცველები და სახელმწიფოებიც კი თვლიან, რომ ალექსეი ნავალნი არა ექსტრემისტი, არამედ პოლიტპატიმარია. Amnesty International-ი მას “სინდისის პატიმრად” თვლის.

მას მერე, რაც თავად ნავალნიმ მის მიმართ წაყენებული ახალი ბრალდებების შესახებ გაიგო, ირონიული საჯარო მიმართვა გააკეთა: „აღმოჩნდა, რომ მე უკვე 7 წელია, „რეგიონებში სიტუაციის დესტაბილიზაციას ვახდენ და აქტიურად მოვუწოდებ ტერორისტული საქმიანობისკენ. ოკ. გამოდის, რომ ჩემ წინააღმდეგ 4 საქმეა. აქედან ორი ბრალდების მიხედვით დამემატება თითოზე 10 წლამდე პატიმრობა. მესამეზე 3 წელი მეკუთვნის, მეოთხეზე -6 თვემდე პატიმრობა. თუკი ამ ვადებს ერთმანეთს მიუმატებენ, უკვე მოხდილი პატიმრობის გარეშე, 23 წელი გამომდის. რა თქმა უნდა, შეუძლიათ, კიდევ რამე მომიგონონ, მაგრამ მაინც, განაჩენების შეკრებითობით, 30 წელზე მეტი არ გამოდის. ამიტომ, არ იდარდოთ, გარეთ არაუგვიანეს 2051 წლის გაზაფხულამდე გამოვალ.“

დღეს რუსეთში არ არსებობს არანაირი სამართალი, არაფერი ცივილიზებული, მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის სასტიკი ჩახშობა  და არსებობს მხოლოდ პუტინის ნება. მას ჰგონია, რომ მისი ნებისმიერი  დანაშაული, მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევა და ოპონენტების ასეთი დევნა დაუსჯელი რჩება და ის საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის ყველაფერს აკეთებს. თუმცა, ის, რაც რუსეთის სპეცსამსახურებმა ალექსეი ნავალნის მიმართ ჩაიდინეს, კვლავ იწვევს ცივილიზებული მსოფლიოს შეშფოთებასა და მიუღებლობას. „ნოვიჩოკით“ პოლიტიკოსის მოწამვლა და სიკვდილის პირამდე მიყვანა ვერ იქნება მისაღები ვერავისთვის. ამიტომაც, დღემდე ეს საკითხი აქტუალობას არ კარგავს და, სერიოზულ ეკონომიკურ სანქციებთან ერთად, კრემლისთვის მუდმივ „თავის ტკივილს“ წარმოადგენს.  რამდენიმე დღის წინ, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ, ტექნიკური სამდივნოს მეშვეობით, 2020 წელს ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებასთან დაკავშირებით რუსეთს   ოფიციალური კითხვებით მიმართა. ეს 4 კითხვა  ამ ორგანიზაციის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული. ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის თანახმად, რუსეთის ხელისუფლებას პასუხების გასაცემად 10 დღე აქვს. თუკი რუსეთის ფედერაციის პასუხები კითხვების ავტორებს არ დააკმაყოფილებს, ისინი დადგენილ პროცედურებს მიმართავენ, მათ შორის, სპეციალური სესიის გამართვაც იგულისხმება ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით.

ლევან შონია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები