სანდრო თვალჭრელიძე: ტრაგედია მოხდა დაუდევრობის, სიხარბისა და სისტემური პრობლემების მიზეზით

“ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მოხდა ადამიანების დაუდევრობის, არაპროფესიონალიზმის, სიხარბისა და ქვეყანაში არსებული სისტემური პრობლემების მიზეზით. აქ ჩანს სამოქალაქო უპასუხისმგებლობაც”, – ასე ეხმაურება ექსპერტი, სანდრო თვალჭრელიძე ბათუმში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიას გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

მისივე თქმით, მომხდარში საკანონმდებლო პრობლემაც ჩანს.

“ნება მომეცით, უპირველესად ჩემი უდიდესი გულისტკივილი გამოვთქვა მომხდარის გამო, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, ბათუმს და მთელს საქართველოს. ამ ადგილს კარგად ვიცნობ, რადგან ერთხანს სწორედ ამ კორპუსის სიახლოვეს მომიწია ცხოვრებამ და გეტყვით, რომ თავდაპირველად ნათქვამი ვერსია, თითქოს, ნგრევის მიზეზი კორპუსზე დაშენებული ორი სართული გახდა, უსაფუძვლოა. ვიცით, რომ სამართალდამცველები ამ ეტაპზე სხვა ვერსიას განიხილავენ და რამდენიმე ადამიანი დაკავებულიც ჰყავთ. მეც მიმაჩნია, რომ სწორედ კორპუსისთვის საძირკვლის გამოთხრამ და მზიდი, ე.წ. საყრდენი კედლის გამოცლამ გამოიწვია ამხელა ტრაგედია.

ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მოხდა ადამიანების დაუდევრობის, არაპროფესიონალიზმის, სიხარბისა და ქვეყანაში არსებული სისტემური პრობლემების მიზეზით. აქ ჩანს სამოქალაქო უპასუხისმგებლობაც. ჩვენ რომ შინ რემონტს ვაკეთებთ, ყველაფერი ფეხებზე გვკიდია, გარდა ჩვენი სურვილისა. თანაც, ვქირაობთ მუშებს და ინჟინრის გარეშე ვგეგმავთ ყველაფერს. ვისაც სურს, რემონტი საფუძვლიანად გააკეთოს, ის უკვეთს კომპანიას, სადაც ინჟინერიც არის, არქიტექტორიც და მუშებიც კვალიფიციური ჰყავთ. მოკლედ, მომხდარი არის სისტემური პრობლემების შედეგი და ამ პრობლემებს გადაწყვეტა სჭირდება. უბრალო ცვლილებაც კი, მით უფრო, როდესაც საქმე კედლებს ეხება, არ შეიძლება განხორციელდეს ნებართვის გარეშე. აქ ჩანს საკანონმდებლო პრობლემაც. მაგალითად, ამ ძველ კორპუსებში ვინ არის პასუხისმგებელი, მაგალითად, ფასადზე, კიბეზე, სახურავზე, ვინ ზედამხედველობს ამ ყველაფერს? მე, როგორც რიგით მობინადრეს, არ მაქვს უფლება, შევიდე და ვაკონტროლო, ჩემი მეზობელი თავის ბინაში რას აკეთებს, მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა ჰქონდეს ამის უფლება? ახალაშენებულ ბინებში, როგორც წესი, ამას ამხანაგობა უწევს ზედამხედველობას, მაგრამ ძველ სახლებში ასე არ არის”, – აცხადებს ექსპერტი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები