“მაშველები ფრთხილად მუშაობენ, რათა ბეტონის ნანგრევებში მოყოლილი 10-15 ადამიანი უსაფრთხოდ გამოვიყვანოთ” – ვახტანგ გომელაური
“რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ უკვე, მძიმე სიტუაციაა. რამდენიმე სადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ჩვენ დავიწყეთ უკვე გამოძიება. დაახლოებით, 5 სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით, 10-15 ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდის 2 ადამიანი, რომელიც ცოცხალია. თუმცა, ვერ გვეუბნებიან დაზუსტებით, სად არიან. ტელეფონზე გვესაუბრება ერთი ადამიანი. ასობით მაშველია ჩართული. საშუალება არაა, რომ ერთდროულად 100-200 ადამიანი ავიდეს ზევით, თუმცა, ერთმანეთს ვცვლით. ჩართულია ტექნიკა. მობილიზებულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე – ადგილობრივი ხელისუფლების, მერია და მუნიციპალური სამსახურები და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს, თუმცა, ამ შემთხვევაში სწრაფად მუშაობა ვერ ხერხდება, რადგან შეიძლება, უფრო დავაშავოთ რამე. აქედან გამომდინარე, ძალიან მაღალ დონეზე, პროფესიონალურად მუშაობენ ჩვენი მაშველები, რომ სათითაოდ ის – სინკარია, ბეტონის ნანგრევებია თუ რაც არის, გადმოვალაგოთ და ქვეშ მოყოლილი, დაახლოებით, 10-15 ადამიანი, ცოცხალი ვინც არის, უსაფრთხოდ გამოვიყვანთ”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.