საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი შუა დერეფნის გამოწვევებსა და შესაძლებლობებს უცხოელ კოლეგებთან ტრანსპორტის მინისტერიალზე განიხილავს
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი თურქეთში გამართულ ტრანსპორტის მინისტერიალს დაესწრო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ე.წ. შუა დერეფნის – გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის დელეგაციებმა.
ქართულ მხარეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ხელმძღვანელობს. ,,აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის გავლით, ჩინეთიდან საქართველოსა და ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვებში დაფიქსირებულია მკვეთრი ზრდა. ე.წ. შუა დერეფანი არის ყველაზე მოკლე გზა, რომელიც ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით, საკონტეინერო გადაზიდვებს ახორციელებს.
მიმდინარე შეხვედრებზე მხარეებმა განვიხილეთ სამომავლო გეგმები, რომელიც ე.წ შუა დერეფნის განვითარებასა და კიდევ უფრო მეტი ტვირთის მოზიდვას გულისხმობს.“ – აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე. 2021 წლის 8 თვის მონაცემებით, ტრანსკასპიურ შუა დერეფანში, ჩინეთთან საკონტეინერო სარკინიგზო გადაზიდვები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 268%-ით არის გაზრდილი.