სარჯველაძე – სააკაშვილზე: საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურება გაეწევა, ვინც შიმშილობას დაიწყებს, ყველა პატიმარი გარეთ გავუშვათ?
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო სამედიცინო მომსახურება გაეწევა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„პატიმარი მიხეილ სააკაშვილი სათანადო სამედიცინო მომსახურებით რომ იყოს უზრუნველყოფილი, ამაზე, რასაკვირველია, ვალდებულება ეკისრება იუსტიციის სამინისტროს მმართველობის მოქმედ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. ეს უდავოა და ამაზე კამათი არ შეიძლება, მაგრამ საუბარი, რომ შიმშილობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გაუარესებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თითქოსდა მმართველმა პარტიამ, ეს არასწორია. სააკაშვილს სამედიცინო მომსახურება გაეწევა. რა გავაკეთოთ, ვინც შიმშილობას დაიწყებს, ყველა პატიმარი გარეთ უნდა გავუშვათ? – არ მგონია, ეს სწორი იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.