ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა
ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მომზადებული გეგმის პროექტი განიხილეს და მისი ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.
პარლამენტის ინფორმაციით, დოკუმენტი „ბავშვის უფლებათა“ კოდექსის საფუძველზე მომზადდა, სადაც საუბარია კოდექსის შესრულების მონიტორინგზე, ანალიტიკასა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაზე. სხდომაზე განხილული საკითხის მნიშვნელობა ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ შეაჯამა.
„გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წელს პარლამენტმა უმნიშვნელოვანესი კანონი – „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო, რომელიც კომპლექსური დოკუმენტია და მასში მონაწილეობას იღებს პრაქტიკულად ყველა უწყება, აუცილებელი გახდა საპარლამენტო საბჭოს მოემზადებინა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის ამოცანაც არის მონიტორინგი, ანალიტიკა, ზეგავლენის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. დღევანდელ სხდომაზე აღნიშნულ გეგმაზე ვიმსჯელეთ, რომლის მომზადებაზეც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ორი თვე მოვანდომეთ და ვფიქრობ, რომ ეს გეგმა ეფექტური შედეგების მომტანი იქნება. გეგმის პროექტი ერთხმად იქნა მიღებული და გვაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში ინტენსიურად შევძლებთ მონიტორინგის, შეფასებების და რეკომენდაციების შესრულების სისტემის ამუშავებას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო თავისი ფუნქციით არის მაკოორდინებელი ორგანო ყველა იმ აქტივობის, რომელსაც ბავშვთა საუკეთესო ინტერესების და მათი უფლებების მიმართ საქართველოს მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და ფიზიკური პირები ახორციელებენ.