რატი ბრეგაძე ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოსა და ისრაელის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა, მობილური აპლიკაცია „JustApp“ და იუსტიციის სამინისტროს კიდევ არაერთი ინოვაციური პროექტი იყო მთავარი განსახილველი საკითხი რატი ბრეგაძესა და ისრაელის შს მინისტრ აიალეტ შაკედს შორის გამართულ შეხვედრაზე.

მოგვიანებით, ისრაელის შს მინისტრმა რატი ბრეგაძეს მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის ოფისი დაათვალიერებინა. აღნიშნული სამსახური იუსტიციის სახლის მსგავსად სახელმწიფო სერვისებს გასცემს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის ფუნქციების გაცნობის შემდეგ აიალეტ შაკედს იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფცია გააცნო. ისაუბრეს სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გატარებულ რეფორმებზე. მათ შორის ახლადდანერგილ ინოვაციურ პროექტზე „მობილური იუსტიციის სახლი.“
შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სერვისების ხელმისაწვდომობის სფეროში გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის საერთო ინტერესების სფეროებში არსებული მჭიდრო პარტნიორობა მომავლში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.
ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრამდე რატი ბრეგაძეს ისრაელის იუსტიციის მინისტრმა გიდეონ საარმა უმასპინძლა. მხარეებმა ისრაელისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტი სერვისების ხელმისაწვდომობის, ეფექტური მმართველობის, თანამშრომლების კომპეტენციების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
დღესვე, რატი ბრეგაძე ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ ომერ ბარლევსაც შეხვდება, სადაც ციხეების ელექტრონული დაცვის სისტემების შესახებ პრეზენტაცია გაიმართება.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ხვალ იერუსალიმის პატრიარქს და დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები