თამარ გაბუნია: ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება, თუმცა, შესაძლოა, ეპიდუსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბიზნესგარემოში დაწესდეს გარკვეული მოთხოვნები
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება, თუმცა, შესაძლოა, ეპიდუსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბიზნესგარემოში გარკვეული მოთხოვნები დაწესდეს.
„მინდა, კარგად ავხსნათ, რას შეიძლება, ნიშნავდეს გარკვეული მოთხოვნების დაყენება აცრის ვალდებულებასთან მიმართებაში. აცრა არის სამედიცინო ინტერვენცია, სავალდებულო სამედიცინო ინტერვენცია ვერანაირი პირობით ვერ იქნება, თუმცა, მოთხოვნები შეიძლება, დაწესდეს ბიზნესგარემოში გარკვეული ეპიდუსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. შესაძლოა, ბიზნესგარემოში მოვითხოვოთ ვაქცინირებული პირის ყოფნა, ან პირის ყოფნა, რომელსაც გარკვეული პერიოდულობით ჩატარებული აქვს „პისიარ“ ტესტი და ნამდვილად ვიცით, რომ ის არ არის ინფიცირებული, ასევე გადატანილი მდგომარეობა. ეს სამი პირობაა და ამ პირობიდან არჩევანის გაკეთება არის მნიშვნელოვანი. ბიზნესგარემოში შეიძლება, ეს მოთხოვნები დავაწესოთ, რაც თავის თავში მოიცავს არჩევანის უფლებას და თავისუფალი გადაწყვეტილების უფლებას, თუ რა სამედიცინო ჩარევას ჩავიტარებ მე, იქნება ეს ვაქცინაცია, ტესტირება, თუ თუნდაც პირბადის გამოყენება. ცალსახაა ის, რომ ადამიანს უფლება აქვს, თავად მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება სამედიცინო ინტერვენციის შესახებ. მეორე მხარეა, რა მოთხოვნებს დავაყენებთ ეპიდუსაფრთხოებასთან მიმართებაში და რა გარემოში. ეს მოთხოვნები აუცილებლად თავის თავში უნდა მოიცავდეს არჩევანის უფლებას და შესაძლებლობას. კერძო სექტორი იქნება, თუ გარკვეულ სახელმწიფო უწყებებში, ჩვენ რაღაც ეტაპზე დავაყენებთ იმ მოთხოვნას, რაც დღესაც კეთდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.