“ტრაგიკომედიაა, როდესაც ბატონი ოგბუნუჯუსა და “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტების შედეგებს უყურებ” – გოგა ხაინდრავა არჩევნებს აფასებს

“ქართული საზოგადოების ნაწილი სიბნელესა და წარსულზეა ჩაბღაუჭებული. ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, როგორ იყო შესაძლებელი, რომ ყოველი მესამე თბილისელი ამომრჩეველი ხმას მელიას აძლევს, საქართველოში ამ უმეცრებისა და უნიჭობის სიმბოლოს”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაინდრავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა.

“ჩვენმა ქვეყანამ ამ დღეებში ძალიან სერიოზული განსაცდელი გაიარა. ყველას კარგად გვესმის, რა მნიშვნელობა ენიჭებოდა ადგილობრივ არჩევნებს. თუმცა, როგორც წესი, არცერთ ცივილურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ადგილობრივ არჩევნებს ასეთი ფასი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის არჩევნებზე ბევრად არის დამოკიდებული მოქალაქეების კეთილდღეობა და მათზე ზრუნვა. თუმცა, საქართველოში, როგორც ყველაფერი უტრირებულია და ისეთი ხასიათი მიიღო, რომ, თითქოს, ქვეყნის ბედი ამ დღეებში უნდა გადაწყვეტილიყო. გარკვეულწილად, ასე იყო, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ არჩევნებმა ქართული პოლიტიკური აბსურდის თეატრის დამაგვირგვინებელი აქტი შეასრულა. დღეიდან მოყოლებული, იმედი მაქვს, საქართველოში ეს აბსურდის თეატრი დამთავრდება. აბსურდის თეატრის პირველი ფაქტორი, ალბათ, ისაა, რომ ადამიანმა, რომელიც გვარად ოგბუნუჯუა და თბილისში მერობის კანდიდატად იყო წარდგენილი, ბევრი პოლიტიკური პარტიის პრეტენზიას იმაზე, რომ ისინი რაიმე ტიპის პოლიტიკურ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, წერტილი დაუსვა. საუბარი მაქვს ისეთებზე, როგორებიც არიან “სტრატეგია  აღმაშენებლი”, “დროა”, “ლელო” და ა.შ.

ვფიქრობ, ტრაგიკომედიაა, როდესაც უყურებ შედეგებს ბატონი ოგბუნუჯუს და ჩემ მიერ ჩამოთვლილი პარტიების შედარებისთვის. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა მხარდაჭერა გააჩნია ამ ვითომ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რეალობაში, “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტებს. ამ პოლიტიკური აბსურდის თეატრის დამთავრების შემდეგ იმედია, საქართველოში პოლიტიკური კლიმატი შეიცვლება. 3 წელიწადი საკმარისი დროა იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ, ისეთი ადამიანების გაერთიანებები, რომლებიც არც კრიმინალით, არც სააკაშვილისადმი ერთგულებით და სახელის გადარქმევით არ იქნება გამორჩეული. რეალურად, დღეს ქართული პოლიტიკური ოპოზიციური სივრცე არის უმეცარი, კრიმინალში ეჭვმიტანილი და ადვილი შემოსავლების წყურვილით ანთებული ადამიანების თავყრილობა. ეს ვნახეთ მათი შედეგების მიხედვით.
მჯერა, ქართულ საზოგადოებაში არის იმდენი ინტელექტი, პოლიტიკური გამჭრიახობა და იმდენი ახალგაზრდული ჟინი, რომ ეს სიბნელე რაღაც ახლით ჩანაცვლდეს”, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის დიდი პრობლემაა ის, რომ “ქართულ ოცნებას” ოპონენტი არ ჰყავს.

“საქართველოს სჭირდება განახლება. არაერთხელ მითქვამს, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების დიდი პრობლემაა ის, რომ “ქართული ოცნებას” ოპონენტი არ ჰყავს, რეალურად, არ ჰყავს მოწინააღმდეგე, რომელიც საზოგადოებას უკეთეს მომავალს, ხედვას, გეგმას შესთავაზებს. ქართული საზოგადოების ნაწილი სიბნელესა და წარსულზეა ჩაბღაუჭებული. ვფიქრობ, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის სირცხვილია. ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, როგორ იყო შესაძლებელი, რომ ყოველი მესამე თბილისელი ამომრჩეველი ხმას მელიას აძლევს, ამ უმეცრებისა და უნიჭობის სიმბოლოს საქართველოში. ეს დამაფიქრებელი უნდა იყოს საზოგადოებისთვის. დარწმუნებული ვარ, მისი უკეთესი ნაწილი სახლში დარჩა. რადგან, მზარავს იმის შეგრძნება, რომ თბილისის საზოგადოების უკეთესმა ნაწილმა, ყოველმა მესამე ადამიანმა მელიას მისცა ხმა. ამაზე ნამდვილად გვაქვს როგორც საფიქრალი, ისე სამსჯელო.

ქუთაისზე ლაპარაკიც აღარ მინდა. ვფიქრობ, ქუთაისი ასეთი შერცხვენილი არასდროს ყოფილა. იმ ქალბატონისთვის ხმის მიცემა საფუძვლიანად ეწინააღმდეგება ქუთაისურ მენტალობას, რატომაც ყველას გვიყვარდა ეს ქალაქი. ეს იუმორიც აღარაა. ეს შავი იუმორია. სხვანაირად არ მესმის, როგორ შემოგვხედავენ, ან ჩვენ როგორ შევხედავთ ერთმანეთს თვალებში იმის შემდეგ, რაც თბილისსა და ქუთაისში დაფიქსირდა”, – განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები