საოკუპაციო ხაზთან დაშავებული პირი გორის ჰოსპიტლიდან თბილისში გადმოიყვანეს

საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებისგან გაქცევის დროს დაშავებული მოქალაქე გორის ჰოსპიტლიდან სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.

როგორც რეანიმატოლოგი, ქეთი კუპატაძე აცხადებს, დაშავებულს მრავლობითი მოტეხილობა აქვს და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

“5 ოქტომბერს ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადმოიყვანეს 30 წლის მამაკაცი სხეულის მრავლობითი დაზიანებით. პაციენტს აღენიშნება ქალატვინის, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ასევე, მენჯის ძვლების მრავლობითი დაზიანება, მარცხენა ზედა კიდურის მოტეხილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რის გამოც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურია, ადეკვატურია, თუმცა გართულებების რისკი არსებობს”, – განმარტავს რეანიმატოლოგი, ქეთი კუპატაძე.

რაც შეეხება უკანონოდ დაკავებულ 2 მოქალაქეს, ისინი კვლავ სეპარატისტების ტყვეობაში რჩებიან და დე ფაქტო ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ოთხი მამაკაცი ერგნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ ოკუპანტები დაედევნენ. ერთმა მათგანმა გაქცევა მოახერხა, ერთ-ერთი მამაკაცი კი დაკავების დროს დაშავდა, რის გამოც დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ის ქართულ მხარეს გადმოსცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები