მოლდოვის გენპროკურორი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

მოლდოვის გენერალური პროკურორი, ალექსანდრუ სტოიანოგლო კორუფციაშია ეჭვმიტანილი, ის 72 საათით დააკავეს. პროკურორის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, თავად კი უფლებამოსილების შესრულებას დროებით ჩამოაშორეს.

გარდა ამისა, სტოიანოგლო ეჭვმიტანილია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, უფლებამოსილების გადამეტებასა და ცრუ ჩვენების მიცემაშიც კი.

თავად გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ მისი დაკავება პრეზიდენტ მაია სანდუს “პირად შურისძიებას” უკავშირდება.

მედიის ინფორმაციით, გენპროკურორზე საჩივარი პარტია “სოლიდარობისა და მოქმედების” წევრმა, ლილიან კარპმა შეიტანა, რომელმაც განაცხადა, რომ სტოიანოგლომ 2012 წელს, ჯერ კიდევ პარლამენტის დეპუტატისა და ეროვნული უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარის სტატუსში, შეიტანა კანონი “ფულის გათეთრების შესახებ”, რომლის ფორმულირება მოლდოვის საბანკო სისტემის მეშვეობით 70 მილიარდი დოლარის გათეთრების შესაძლებლობას იძლეოდა.

თავის მხრივ, ყოფილმა პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა განაცხადა, რომ სტოიანოგლოს დაკავების მიზეზია მისი მხრიდან დასავლელი დიპლომატების მისამართით გამოთქმული ბრალდება, რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებში მათ ჩარევას შეეხებოდა.

ალექსანდრუ სტოიანოგლო მოლდოვის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 2019 წელს დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები