‘შენი რეფორმირებული ციხე როგორიც იყო, ისეთი ციხე უნდა ნახო”, – ასე მიმართავს მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
რობაქიძე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სააკაშვილის დაპატიმრებას გამოეხმაურა.
„2 რიცხვში, არჩევნების დღეს „ქართულ ოცნებაში“ ვიყავი და პრემიერმინისტრს ვუთხარი, არ მეგონა, თუ ამას მოვესწრებოდი, რომ სააკაშვილს ხელზე ბორკილებით ციხეში შეყვანილს დავინახავდი -მეთქი. ბოლომდე არ მჯეროდა, რომ ეს კაცი ჩამოვიდოდა. ბოლოს კი ეჭვი შემეპარა. ბოლო 1 დღე ძალიან მაგარი სიჩუმე იყო, მეორე დღეს თქვეს, მიშა დავაპატიმრეთო. იცით, რომ მეგის ქარდავა ჩამოიყვანეს, მაგრამ ახლა საქართველოში ქართველი ხალხის პირველი ჯალათია. სააკაშვილს მაშინ „პატარა ბიჭების მესაფლავე პრეზიდენტი“ დავარქვი. 170-ზე მეტი ბიჭი მოკლა, მათი ყველაზე დიდი ასაკი 23-24 წელი იყო, ჩემი შვილი 2 თვის გამხდარი იყო 19 წლის.
ეს კაცი არ არის ვაჟკაცი, იცით, რისი მეშინია? ამის შემდეგ რა მოხდება? ეს კაცი რომ ვინმემ ვადაზე ადრე გამოუშვას, თუნდაც ერთი დღით, თუ ამაზე ქართველი ხალხი ხმას არ ამოიღებს, ვიტყვი, რომ ჩვენ არც ერი ვყოფილვართ, არც შვილები გვიყვარს და არც ქვეყანა.
სააკაშვილს სხვა პატიმრებთან შედარებით არანაირი კარგი პირობები არ უნდა ჰქონდეს, პირიქით, უფრო ცუდი პირობები უნდა ჰქონდეს. ხან ელჩები შედიან მასთან, ხან თავის ხალხი შედის, ინტერნეტში რასაც უნდა, იმას წერს. მე მინდა, ვკითხო: შენ ასე აკეთებინებდი ხალხს? ასეთ საშუალებას და უფლებას აძლევდი? შენი რეფომირებული ციხე როგორიც იყო, ისეთი ციხე უნდა ნახო“, – განაცხადა რობაქიძემ.
მისივე თქმით, თუ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამოსვლები იქნება, მაშინ კონტრაქციებსაც დაგეგმავს.
„ეს არის კაცი, რომელმაც გენოციდის ტოლფასი დანაშაული ჩაიდინა. დღეს ქალბატონი ჩარკვიანი გამოდის და ამბობს, ინსტიტუტები შექმნაო. რა ინტიტუტები შექმნა? რომ მოვიდა, პარლამენტი არ იყო, თუ სამინიტროები? სუს-ი, კუდ-ი, ესენი გააერთიანა და მონსტრი შექმნა. დღეს ის პირველი ჯალათია და მის მხარდასაჭერად მიდიან. დაიმახსოვრეთ ის ოჯახები, ვინ არიან, რისთვის უნდათ მიშა სააკაშვილის გათავისუფლება? იქ „ნაცების“ გარდა არავინ მივა.
თუ მიშა სააკაშვილის გასათავისუფლებლად გამოსვლები იქნება, პირობას ვიძლევი, ბუტას ვფიცავარ, საქართველოში ყველას დავუკავშირდებით, 2-3 დღე დამჭირდება, ჩამოვალთ აქ, ციხეებთან მიხვალთ კი არა, ვერცერთი თქვენგანი ქალაქში ვერ გაივლით.
„შეინარჩუნე სიცოცხლე“ – ეს ორგანიზაცია გაცოცხლდება, მიშას გამოშვება არ შეიძლება. თუ საჭირო იქნება, დაგანახებთ 10 000, 20 000 , 100 000 კაცს.
ეს ჯალათი ციხეში უნდა იყოს. საერთოდ, სააკაშვილისნაირ კაცს ელექტროსკამი, ან უვადო პატიმრობა ეკუთვნის, მაგრამ … ისედაც დანდობილია. 1-2 კვირა ველოდები, რა იქნება, შემდეგ ფეხზე დავდგებით, ვიქნებით უკონტროლო. ჩვენ მართლები ვართ და ხმა უნდა ამოვიღოთ“, – განაცხადა რობაქიძემ.