დავით ზალკალიანმა დიპლომატიურ კორპუსს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე პროკურატურის მიერ წარმოებული საქმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს საქართველოს ვიცეპრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში წმიდა საყდრის ნუნციოსთან, ჟოზე აველინო ბეტანკურთან, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან, კარლ ჰარცელთან, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან შეხვედრები გაიმართა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების დაინტერესება და მკაფიო პოზიცია, დადგინდეს სიმართლე გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ, რისთვისაც საქართველოს პროკურატურამ მყისიერად დაიწყო საპროცესო მოქმედებები.

დიპლომატებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც, მათ შორის, გულისხმობს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მასალების ავთენტურობის, მათი წარმომავლობის დადგენას და ა.შ. აღინიშნა, რომ საგამოძიებო ორგანომ, საპროცესო მოქმედებების დაწყებისთანავე, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს, შესაბამისად შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა, რომ საქართველო ღიაა დამატებით მიიღოს სამართლებრივი დახმარება სხვა დაინტერესებული საერთაშორისო პარტნიორებისგან.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა და დადასტურდა, რომ სახელმწიფო ერთგულად იცავს საერთაშორისო ვალდებულების, მათ შორის, დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 და 1963 წლების კონვენციების პრინციპებს. თავის მხრივ საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პატივისცემა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები