რუსთავის მე-12 ციხესთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მისი მხარდამჭერები იკრიბებიან
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, მისი მხარდამჭერები იკრიბებიან. მათი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის გათავისუფლებაა.
რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფება რუსთავის მერობის კანდიდატი ”ნაციონალური მოძრაობიდან”, დავით კირკიტაძეც, რომელიც ამბობს, რომ აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.
“ეს არის დაწყება საპროტესტო აქციებისა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ეს აქციები ჩატარდება არა მხოლოდ აქ, რუსთავში, იქნება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე, ქვეყნის გარეთაც. ეს პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია და ასეთი შეფასება აქვს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ. საქართველოს მოქალაქეები ამაში ღრმად არიან დარწმუნებული. ასევე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენ ვიხილავთ მიხეილ სააკაშვილს თავისუფლებაზე და მას ექნება საშუალება, ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში”, – აცხადებს დავით კირკიტაძე.