გამოძიება :საფრანგეთის ეკლესიებში 1950-იანი წლებიდან თანამდებობებს 3 ათასი პედოფილი იკავებდა

საფრანგეთის კათოლიკურ ეკლესიაში 1950-იანი წლებიდან დღემდე თანამდებობას 2900-დან 3200 -მდე პედოფილი იკავებდა.

Euronews-ი იტყობინება, რომ შესაბამისი გამოძიება დამოუკიდებელმა კომისიამ ჩაატარა.

კომისიის სრული ანგარიში, რომელიც სასამართლო, საეკლესიო და საპოლიციო არქივებს სწავლობდა, ასევე, მოწმეთა დაკითხვები ხვალ გასაჯაროვდება.

როგორც ორნელისა და სან მალოს არქიეპისკოპოსმა თქვა, “ეს ძალიან მტკივნეულია, რადგან ამას მსხვერპლი ჰყავს. რაც შეეხება მოძალადეებს, მრცხვენია, აღშფოთებული ვარ, არ მესმის”.

კომისია საფრანგეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის მიერ 2018 წელს შეიქმნა, რადგან ვრცელდებოდა ინფორმაცია ეკლესიაში ძალადობის ფაქტებზე.

კონფიდენციალური “ცხელი ხაზის” ამოქმედების შემდეგ, კომისიაში ათასობით შეტყობინება შევიდა.

კომისიის ხელმძღვანლის, ჟან-მარკ სოვეს თქმით, 2,5 წლის შემდეგ, ანგარიში 2500 გვერდს ითვლის. მოსალოდნელია, რომ ანგარიშის ოფიციალურ წარდგენას დაზარალებულ ჯგუფთა წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ივნისში რომის პაპმა განაცხადა, რომ კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული კრიზისი მსოფლიო “კატასტროფად” იქცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები