კახა გოგოლაშვილი: სამწუხაროდ, აგრესიული და სახიფათო პოლიტიკური ძალები გვყავს

“სამწუხაროდ, აგრესიული და სახიფათო პოლიტიკური ძალები გვყავს. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უკვე დიდი ხანია შეშფოთებული არიან საქართველოში არასტაბილური ვითარების გამო და იმედოვნებენ, რომ არჩევნები რეალობას შეცვლის”, – ამის შესახებ ექსპერტი, კახა გოგოლაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, პოლიტიკოსების ერთი ნაწილი არაფერს ერიდება ხელისუფლების შესანარჩუნებლად, მეორე კი არაფერს ერიდება ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად.

“სამწუხაროდ, აგრესიული და სახიფათო პოლიტიკური ძალები გვყავს. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უკვე დიდი ხანია შეშფოთებული არიან საქართველოში არასტაბილური ვითარების გამო და იმედოვნებენ, რომ არჩევნები რეალობას შეცვლის. მათ არც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა ახარებთ და არც მისი დაკავება. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაც არ იყო ფეიკნიუსი. გერმანიის პრეზიდენტმა ეს ინფორმაცია უარყო, მაგრამ არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეიკრიბნენ და იმსჯელეს რიგი ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებაზე. ეს არაფრით არ იყო დაკავშირებული საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან, როგორც ამის წარმოჩენა “ნაციონალებს” სურდათ. სინამდვილეში ევროკავშირის წარმომადგენლები წუხდნენ იმის გამო, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა საქართველოდან წასულ თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი. ეს უვიზო რეჟიმის სწრაფი შეჩერების საფუძველს იძლევა. ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებაა. პოლიტიკოსების ერთი ნაწილი არაფერს ერიდება ხელისუფლების შესანარჩუნებლად, მეორე კი არაფერს ერიდება ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. რადიკალიზმით გამოირჩევა “ნაცმოძრაობა”. თუმცა ასევე ძალიან სარისკოა მმართველი გუნდის საგარეო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ვგულისხმობ თუნდაც 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლას და ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ ფინანსურ დახმარებაზე უარს. ცალკე თემაა ფარული მოსმენები, რაც ძალაუფლების შენარჩუნების არალეგიტიმური გზაა. ჩვენი დასავლელი პარტნიორები გამუდმებით იმის ცდაში არიან, ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური ბრძოლა როგორმე სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქციონ. ცხადად ხედავენ, რომ პოლიტიკური ძალები წესების გარეშე იბრძვიან. არიან გამონაკლისებიც – თუნდაც “ლელო” და “სტრატეგია აღმაშენებელი”, რომლებიც ცდილობენ მაქსიმალურად კორექტული იყვნენ პოლიტიკურ ბრძოლაში მაგრამ მათ არა აქვთ ელექტორატის შესაბამისი მხარდაჭერა.

ხოლო ელექტორატის სიმრავლით სწორედ ის ორი პარტია რომ გამოირჩევა, რომელიც აგრესიული და პროვოკაციულია, ეს პოლიტიკური კულტურის დაბალ დონეზე მეტყველებს. ჩვენი საზოგადოება არ არის მზად დემოკრატიული მოწყობისთვის. რადიკალური ძალები ყველგან არიან, მათ შორის ევროპაშიც და ამერიკაშიც, მაგრამ იქ მათი მარგინალიზაცია ხდება. არა მარტო რადიკალიზმს, პოლიტიკაში ყველა უკანონო ხერხის გამოყენებას ხალხი თავად სჯის. დასავლეთში პოლიტიკური ბრძოლა წესების დაცვით მიმდინარეობს. საქართველოში წესების დაცვას არაფრად დაგიდევენ, უფრო მეტიც, კანონზე მაღლა ისეთ იდეალიზებულ ლოზუნგებს აყენებენ, როგორიცაა პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული და ასე შემდეგ… პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული დასავლეთში მატერიალიზებულია კანონის უზენაესობაში, დემოკრატიის განვითარებაში, ადამიანის უფლებების დაცვაში, სამართლიანი პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებაში. ჩვენ პატრიოტიზმი სხვაგვარად გვესმის – თითქოს კრწანისის ველზე ვართ და ყველანაირი ხერხი უნდა გამოიყენო მოწინააღმდეგის გასანადგურებლად. მეტოქე პოლიტიკოსს ვუყურებთ როგორც პირად მტერს. ჰკითხეთ “ნაციონალური მოძრაობის” ნებისმიერ წევრს, რას ფიქრობს, “ქართული ოცნების” წევრებზე და პირიქით და ორივესგან ისეთ პასუხს მიიღებთ, გული გაგისკდებათ. რატომ ვერ ამჩნევს ქართველი ამომრჩეველი სხვა პოლიტიკურ ძალას “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” გარდა? იმიტომ, რომ მათი მთავარი ფაქტორი ძალაა. რისთვის სჭირდებათ ძალა? მტრის დასამარცხებლად. თითქოს პერმანენტული ომი იყოს ქვეყანაში, პატივს მხოლოდ იმას სცემენ, ვისაც ხმალი აქვს ქარქაშიდან ამოღებული. ვინც სიტყვით ცდილობს ბრძოლას, არც უსმენენ. სიტყვამ ფასი დაკარგა იმიტომ, რომ მმართველმა ძალამ, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას ხალხის გულის მოგებით ცდილობს, სამჯერ გატეხა სიტყვა, სამჯერ თქვა დიდი ტყუილი. საარჩევნო დაპირებებზე არაფერს ვამბობ, შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიძლება ვერ შეასრულო წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება. ეს მინუსია, მაგრამ არ არის ტრაგედია. ნამდვილი ტრაგედიაა, როდესაც შეთანხმებას არღვევ, სიტყვის გატეხა შეგიძლია.

ჯერ პროპორციულ არჩევნებზე გაცემული პირობა გატეხეს და ყველაფერი გადააბრალეს მაჟორიტარებს. შემდეგ 43%-იანი დათქმა გადათქვეს. შარლ მიშელის შეთანხმება არც იყო დადებული, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი დამთავრებული იყო, რომ პარტიის თავმჯდომარემ ტელეეთერებიდან არაერთხელ თქვა, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე 50%-ზე ნაკლებს მივიღებთ, ვადამდელ არჩევნებს დავნიშნავთო. შემდეგ 43%-ზე ჩამოვიდნენ, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს და მერე უცებ ყველაფერზე უარი თქვეს. ნორმალური პოლიტიკური კულტურის ქვეყანაში ასეთი ქმედებების გამო მმართველი ძალა აუცილებლად დაკარგავდა ამომრჩევლის დიდ ნაწილს. დემოკრატიულ სამყაროში ტყუილების ლაპარაკს არავინ გაამართლებდა. თქვენ ეს უვნებელი ტყუილი არ გეგონოთ, საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან მძიმე ზიანი მოგვაყენეს. მესამე ტყუილი სასამართლო რეფორმების გატარებას უკავშირდება. თქვეს, ვენეციის კომისიის შენიშვნებს გავითვალისწინებთო. ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ქვეყანამ 75 მილიონი ევრო მიიღო. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, სასამართლო რეფორმის დასრულების შემდეგ 75 მილიონი კიდევ უნდა მიგვეღო. “ქართულმა ოცნებამ”, იმის გამო, რომ სასამართლო რეფორმის გატარება არ უნდოდა (კონკრეტულად კი მოსამართლეების არჩევის წესის შეცვლა) ქვეყანას 75 მილიონი ევროს მიღების შესაძლებლობა დაუკარგა. ეს ყველაფერი რატომ შეგახსენეთ? ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა რომ იყოს, ასეთ ტყუილებს პოლიტიკურ პარტიას, მმართველი ძალა იქნება თუ ოპოზიცია, ამომრჩეველი არ აპატიებდა, “ოცნების” ამომრჩეველმა კი ეს ამბავი ერთ ყურში შეუშვა და მეორიდან გაუშვა. მეორე ნაწილმა ისიც კი თქვა, ძალიანაც კარგი, თუ მოატყუესო. ახლა “ნაციონალებზე” მოგახსენებთ. ოპოზიციაში ლიდერი პარტია კი არის, მაგრამ ყველაზე მეტად მან დააზარალა ოპოზიციური ერთობა, როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტზე დროულად არ მოაწერა ხელი. თუ მართლა უნდოდათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მარტო 43%-იანი ბარიერის დათქმის გამო უნდა მოეწერათ ხელი ხელშეკრულებისთვის და “ქართული ოცნებისთვის” უკანდასახევი გზა არ დაეტოვებინათ. არც ვიცი, “ნაციონალების” მიერ “ოცნებისთვის” მიცემულ შანსს რა დავარქვა”, – აცხადებს გოგოლაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები