“საერთაშორისო დამკვირვებლების და უცხოელი დიპლომატების კომენტარები თანხვედრია, რაც ყველანაირ ეჭვებს ფანტავს არჩევნების ლეგიტიმაციაზე” – გიორგი ცუცქირიძე
“უკვე დაიდო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ეუთო/ოდირ-ის და ევროკავშირის წინასწარი შეფასება არჩევნებზე. არჩევნები, თუ პოლარიზებულ წინასაარჩევნო გარემოს არ მივიღებთ მხედველობაში, ხაზი გაესვა რა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოს, მთლიანობაში, დადებითად არის შეფასებული”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, საერთაშორისო დამკვირვებლების და უცხოელი დიპლომატების კომენტარები თანხვედრაშია.
“ეს შეფასება, რომლის მიხედვითაც, დათვლის პროცესი შეფასდა, როგორც გამჭვირვალე, მიუხედავად უბნების მნიშვნელოვან ნაწილში დაფიქსირებული პროცედურული ხარვეზებისა და სირთულეები პროტოკოლის დაკმაყოფილების თვალსაზრისით, გუშინდელი, საერთაშორისო დამკვირვებლების და უცხოელი დიპლომატების კომენტარების თანხვედრია, რაც ყველანაირ ეჭვებს ფანტავს არჩევნების ლეგიტიმაციაზე.
ცალკეული შენიშვნები საარჩევნო დარღვევებზე და ახლა მათი გაბუქვა, რასაც ოპოზიციის მხარდამჭერი მედია მიმართავს, არის სპეკულაციები, რადგან მსგავსი დარღვევები ჩვენზე გაცილებით დემოკრატიულ ქვეყნებშიც ხდება. მთავარია, როგორ ხდება მათზე რეაგირება, როგორც ცესკოს, ისე სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან. ვხედავთ, რომ თითოეულ ასეთ საჩივარზე თუ შემთხვევაზე არის მყისიერი რეაგირება.
რაც შეეხება არჩევნების შედეგებს. როგორც ცესკოს ამ დროის მონაცემებით, ისე ISFED ის( საერთაშორისო გამჭვირვალობის) ანგარიშით, პარტიულ ნაწილში ქართულმა ოცნებამ თავისუფლად გადალახა ლამის ჩამკეტ ბარიერად ქცეული 43 პროცენტი(მინიმუმ 46 პროცენტზე მეტია) და ამ მხრივ როგორც რეფერენდუმის, ისე ვადამდელი არჩევნების თემაც მოიხსნა, რაზეც ოპოზიცია მთელ იმედებს ამყარებდა.
ობიექტურობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის აქტივში თვითმართველი ქალაქების მერების არჩევნებში, მეორე ტურების დანიშვნა უნდა ჩაითვალოს, როგორც თბილისში, ისე რუსთავში, ქუთაისში, ფოთში თუ ბათუმში. თუმცა ის ყიჟინა, რაც მათ უკვე დასცეს, ცოტა ნაადრევია, რადგან ამ ქალაქებიდან გარდა ქუთაისისა და ბათუმისა ოცნების კანდიდატი ლიდერობს. შესაბამისად, ოცნებისათვის ამ ქალაქების პირველივე ტურში ვერმოგება, ჯერ კიდევ არ ნიშნავს წაგებას.
ნიშანდობლივია, რომ 2016 წელს ადგილობრივ არჩევნებში 73 ოლქიდან 50-ში ანუ 68%-ში იყო მეორე ტური, ხოლო მომდინარე წლის 30 ოქტომბერს 64 მუნიციპალიტეტიდან 20-ში ანუ მხოლოდ 31%-ში იქნება მეორე ტური.
შეიძლება, “ოცნებისათვის” ეს შედეგები დამაფიქრებელია, მაგრამ არა კატასტროფული, მსგავსი საკადრო ჩავარდნები ევროპის გაცილებით სტრუქტუირებულ პარტიებსაც მოსვლიათ. არა მგონია “ოცნებამ” მეორე ტურში, ამ 5 თვითმართველი ქალაქის მერიდან ყველა წააგოს, მათ შორის თბილისი. უფრო პირიქით იქნება, რადგან მთელი ოპოზიციური ნარატივი ვადამდელზე და კოალიციურ ქიმერაზე ამჯერად აღარ იმუშავებს.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მაქსიმალურად ეცდება დიდი თვითმართველი ქალაქების ნაწილის და პირველ რიგში თბილისის მოგებას, რაც პოლიტიკური კრიზისის ინსპირაციის შანსს მიცემს ბიუჯეტების ტორპედირებით, და რაც სიტუაციას ვადამდელზე გაიყვანს.
“ქართული ოცნების” მიერ, განსაკუთრებით თბილისის, რუსთავის და ზუგდიდის ვერ მოგება, გახარიას ფაქტორმაც გადაწონა, მაგრამ სხვა პოსტებშიც დამიწერია, რომ ოცნების მხრიდან ერთი ნაჯახის ტაქტიკით ნაცებზე და გახარიაზე პოზიციონირება წამგებიანი და კონტრპროდუქტოული უფრო იქნებოდა, რაც ეგრეც მოხდა. თუმცა, მეორე ტურში დიდი ალბათობით, ოცნების ყოფილი პრემიერ მინისტრი მისი განცხადებებიდან გამომდინარე, სულ მინიმუმ ნაციონალების კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს, რაც ნაცოპოზიციის შანსებს ამ პოზიციიდანაც შეამცირებს”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.