ლევან ბეჟაშვილი: დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად ჩაერთვებიან სააკაშვილის გათავისუფლების პროცესში
“ჩვენთვის ახლა მთავარი არის გავაკეთოთ ყველაფერი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დროულად, დაუყოვნებლივ დატოვოს საპატიმრო დაწესებულება”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ბეჟაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დატოვებს.
“ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით “ქართული ოცნების” პოზიციაზე ნაკლებად ვართ დამოკიდებული. ჩვენთვის ახლა მთავარი არის გავაკეთოთ ყველაფერი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დროულად, დაუყოვნებლივ დატოვოს საპატიმრო დაწესებულება იმიტომ, რომ საქართველოში და ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ კარგად იციან, რომ იმ სასამართლო გადაწყვეტილებას, რის საფუძველზეც მას პატიმრობა მიესაჯა, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ამ გადაწყვეტილებას არ აღიარებს მსოფლიოს არცერთი ქვეყანა, გარდა რუსეთისა. ამ რეალობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად ჩაერთვებიან მისი გათავისუფლების პროცესში და ჩვენ ამ ბრძოლაში ქვეყნის შიგნით გვექნება სხვა პარტიებთან და ასევე ჩვენს ამომრჩეველთან ერთად ერთობლივი სტრატეგია”,-განაცხადა ბეჟაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს.
,