“საქართველომ ეს გამოცდა, როგორც დემოკრატიის ტესტი, წარმატებით ჩაატარა”- გიორგი ცუცქირიძე ჩატარებულ არჩევნებზე

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ეს გამოცდა, როგორც დემოკრატიის ტესტი, წარმატებით ჩაატარა,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე დღეს ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს.

როგორც ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, არჩევნები იმაზე წყნარ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

“საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე წუთია გასული. ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები იმაზე წყნარ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, ვიდრე მოსალოდნელიც კი იყო, განსაკუთრებით ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების და მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფონზე.

უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ეს გამოცდა, როგორც დემოკრატიის ტესტი წარმატებით ჩაატარა. ამას აჩვენებს როგორც საერთაშორისო დამკვირველებლების, ისე ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების დადებითი შეფასებები, როგორც საარჩევნო პროცესის ორგანიზების, ისე მედია გაშუქების, ასევე ხმის მიცემის თავისუფალი გამოხატვის თვალსაზრისით.

ეს არჩევნები არა მხოლოდ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ახალი კანონმდებლობით ტარდება და მას უპრეცედენტო რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებელი ესწრება არამედ იმითაც, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც დარწმუნებით შეიძლება ითქვას დადებითი იქნება, რასაც ამ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ წინასაარჩევნო პერიოდის თავისუფალ და კონკურენტულ გარემოდ შეფასებაც მოწმობს და მთლიანად აბათილებს ოპიზიციურ ნარატივს არათავისუფალ და ძალადობრივ წინასაარჩევნო გარემოზე, რაც საბოლოოდ დაასრულებს ყველანაირ სპეკულაციებს გასული წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციაზეც.

დღევანდელმა დღემ ისიც აჩვენა, რომ გადაჭარბებულია მართველი პარტიის ჩამოწერა, ასევე სააკაშვილის როლი და ზეგავლენა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე. შემთხვევითი არც ოპოზიციის მთელი სტრატეგიის, არჩევნების რეფერენდუმად კონვერტირებაზე, კრახით დასრულებაა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია თავის სტილში უკვე წინასწარ აანონსებს გამარჯვებას როგორც პარტიული, ისე თბილისის და დიდი ქალაქების მერების დონეზე.” – აცხადებს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობას” დესტაბილიზაციის მორიგი მცდელობა ჰქონდეს.

“ერთადერთი, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” და მის სატელიტ პოლიტსუბიექტებს რჩებათ და რასაც ვაკვირდებით, ეს არის გასული წლის საპარლამენტო არჩევნების სცენარის განმეორება. ბუნებრივია, პროცესი მხარდაჭერილი იქნება ე.წ პარტიული მედიასაშუალებებით ფეიკნიუსების ტირაჟირებით არჩევნების , ვითომდა, მასობრივ გაყალბებაზე, ასევე არეულობების და ექსცესების პროვოცირება უბნების დახურვის შემდეგ, რაც ეუთო/ოდირის დასკვნამდე და ცესკოს მიერ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე საპროტესტო ტალღის ასაგორებლად სჭირდებათ .

მათი ეს სასოწარკვეთილი გაბრძოლებაც წარუმატებელი იქნება, ქართველი ხალხი არც ამჯერად აყვება ამ ავანტიურისტების დესტაბილიზაციის მორიგ მცდელობას, რასაც სულ რამდენიმე საათში არჩევნების შედეგებშიც აისახება, რომლის მიხედვითაც დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებსაც როგორც პარტიულ, ისე თბილისის და სხვა ქალაქების მერების დონეზე. ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით კომპანია ” გორბის” კვლევებით ჩატარებული ეგზიტპოლებიც ამის დასტურია” აცხადებს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები