“ვაშინგტონში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო უკან მიდის, საჭიროა ეს წარმოდგენები არჩევნებით შეიცვალოს” – საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, რენდის კორპორაციის წამყვანი მკვლევარი, უილიამ კორტნი აცხადებს, რომ ვაშინგტონში საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ ხშირად საუბრობენ და საჭიროა, ეს წარმოდგენები არჩევნებით შეიცვალოს.
ამის შესახებ მან “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბარში თქვა.
უილიამ კორტნი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს პროცესი მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართონ.
„ვაშინგტონის პერსპექტივიდან, მთავარი შეშფოთება უკავშირდება იმას, რომ ეს არჩევნები იყოს უფრო სამართლიანი, ნაკლები ადმინისტრაციული რესურსით, ნაკლები სახელმწიფო კონტროლით მედიაზე და ა.შ. გასულ არჩევნებთან შედარებით. ვაშინგტონში არსებობს დიდი შეშფოთება, რომ არჩევნები საქართველოში დიდი ხანია არ უმჯობესდება. როცა სხვა ქვეყნებს ვუყურებთ, მაგალითად მოლდოვას, სადაც მაია სანდუ აირჩიეს, ვხედავთ, რომ იქ არჩევნები უფრო პატიოსნად ჩატარდა. ამ კუთხით კარგი მაჩვენებელი აქვს უკრაინასაც. [არჩევნების] შეფასების ერთ-ერთი გზა ისაა, რომ მაგალითად უკრაინაში, ხელისუფლებაში მყოფები, არჩევნებს აგებენ… უკანასკნელ პერიოდში, ვაშინგტონში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო უკან მიდის. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ წარმოდგენების შეცვლა“, – აცხადებს კორტნი.