„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისა და თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის საპყრობილეში მოუწევს სასჯელის მოხდა იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინა. როგორც მან ბრიგინგზე აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის დაკავების სპეცოპერაცია სამართალდამცავმა უწყებებმა იდეალურად შეასრულეს.
„მიხეილ სააკაშვილი არის საუკეთესო ადგილზე, სადაც მოუწევს პასუხისგება იმ კონკრეტულ დანაშაულებზე, რომლებიც მან ქვეყნის და ხალხის წინაშე ჩაიდინა.
შესაბამისმა სამსახურებმა ზუსტად და უკეთ იციან, როდის და როგორ უნდა მომხდარიყო აყვანის სპეცოპერაცია. მართლაც იდეალურად იყო შესრულებული. კიდევ ერთხელ მადლობა შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, უშიშროების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია ჩატარდა და რაც მთავარია, წყნარად და მშვიდობიანად.
არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როდის გავიგე. გენერალურმა მდივანმა შესაძლოა, ბევრი რამე იცოდეს, მაგრამ არის კონკრეტული სპეცოპერაციები, რომლებთან დაკავშირებითაც საუბრის და გაჟღერების არავითარი უფლება არ მაქვს. შეიძლება რაღაცები არც ვიცოდი და არც უნდა ვიცოდე. ყველაზე მთავარი არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, კრიმინალი და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ბრძანდება რუსთავის საპყრობილეში, სადაც მოუწევს სასჯელის მოხდა“, – განაცხადა კალაძემ.