მამუკა მდინარაძე – სააკაშვილზე: ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა, სადღაც შემძვრალია და იმალება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება და, მისი უტყუარი ინფორმაციით, მას უკრაინაც კი არ დაუტოვებია.
“საქართველოში არის კი არა, ეს კაცი დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ არის ჩვეულებრივი მაიმუნი. ამის იქეთ შეფასება ამ კლოუნადის არის შეუძლებელი. მე მიკვრის ზოგიერთი თქვენგანის, ასე ანთებულები, სრული სერიოზულობით ამტკიცებთ რაღაცას და იქედან ჩართვებს აკეთებთ, რომ აქ იყო, აქ გამოიარა. ან მართლა ცუდ მდგომარეობაში ხართ ზოგიერთი ჟურნალისტი, ან გჯერათ, ან ჩართული ხართ თაღლითობაში და დავანებოთ ამ თაღლითობებს თავი.
სერიოზულად თუ ვიტყვით, ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა და იმალება. ახლა სადღაც შემძვრალია, იქედან რაღაცებს გეგმავს. ამაზე არსებობს უტყუარი ინფორმაცია, უკრაინა არ დაუტოვებია, არათუ საქართველოში, სხვა ქვეყანაშიც არ არის. ხვდებით ალბათ, რომ ამის შესახებ მარტივად გვექნება ინფორმაცია”, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძისვე განცხადებით, სააკაშვილმა ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ე.წ. დიფ ფეიკი გამოიყენა და ამის დადგენა ძალიან მარტივია. მისი თქმით, აღნიშნული ქმედება “ნაცმოძრაობის” შიდა დაპირისპირებაში სააკაშვილის პოზიციების გამყარებას ემსახურება. როგორც მდინარაძემ აღნიშნა ე.წ, დიფ ფეიკის გამოყენება “ნაცმოძრაობას” გასულ წელსაც სურდა, თუმცა ირაკლი კობახიძის პრევენციული ბრიფინგის შემდეგ ამის გაკეთება ვერ მოახერხეს.
“შარშან ალბათ გახსოვთ, რომ ირაკლი კობახიძემ გააკეთა პრევენციული ბრიფინგი, მართლა საშინელებას აპირებდნენ და ამ პრევენციულმა ბრიფინგმა უზრულველყო, რომ “დიფ ფეიკი” არ გაავრცელეს. ამ შემთხვევაში, სააკაშვილზე არ იყო საუბარი. იყო სხვა ძალიან სერიოზული “დიფ ფეიკი” . იცით, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ამის დამზადება რთული არ არის. შარშან არ გააკეთეს, რადგან პრევენცია მოხდა ამის და წელს გამოიყენეს როგორც ჩანს ეს მეთოდი. ამას ტექნიკოსები გაარკვევენ. ახლა დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მას უკრაინა არ დაუტოვებია. ამ თაღლითობით ცდილობს ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ საქართველოშია და ნიკა მელიას დამსახურება კი არ არის ის ხმები, რასაც მიიღებენ არამედ მისი. შიდა ესეთი ბრძოლები თუ გქონდათ ნამდვილად არ მეგონა. ერთ ფლანგში “ნაცმოძრაობის” ისეთი პანიკაა ვერც წარმოიდგენთ”,- აღნიშნა მდინარაძემ.