ბადრი ჯაფარიძე: ყველას მოგიწოდებთ, ვიყოთ ფოკუსირებული ხვალინდელ გადამწყვეტ არჩევნებზე – სააკაშვილის ფაქტორი არ შეცვლის არანაირად პოლიტიკურ პროცესებს
პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები არანაირად გავლენას არ მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე.
ჯაფარიძემ საზოგადოებას მიმართა და მოუწოდა, რომ მაქსიმალურად იყვნენ ფოკუსირებული ხვალინდელ არჩევნებზე.
მისი განმარტებით, სწორედ ეს იყო ევროპარლამენტარებთან შეხვედრის მთავარი თემა და სააკაშვილის ფაქტორი ამ შეხვედრაზე არ განხილულა.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ევროპარლამენტარებთან და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა, ვიყოთ კონცენტრირებული ხვალინდელ არჩევნებზე. ყველას მოგიწოდებთ, ვიყოთ ფოკუსირებული ხვალინდელ გადამწყვეტ არჩევნებზე!
სააკაშვილის ფაქტორი არ შეცვლის არანაირად პოლიტიკურ პროცესებს ჩვენ ვართ ფოკუსირებული ხვალინდელ არჩევნებზე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
“ლელოს” ლიდერის თქმით, ევროპარლამენტარებთან საუბრის მთავარი თემა საარჩევნო გარემო და შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების აუცილებლობა იყო.
„დღეს გვქონდა საუბარი ევროპარლამენტარებთან საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, 9 აპრილის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასთან დაკავშირებით და აქ არის ერთიანი პოზიცია ევროპარლამენტარების, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი უნდა შესრულდეს სრულად და ისინი მიიჩნევენ შარლ მიშელის დოკუმენტს, როგორც ძალაში მყოფ დოკუმენტს. ეს არის ცალსახა პოზიცია ევროპარლამენტარების, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენ ამავდროულად, ვიმსჯელეთ პოსტსაარჩევნო ვითარებასთან დაკავშირებით, ვიმსჯელეთ წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც იქნა გამოვლენილი და რომელიც არის დაკავშირებული „ქართული ოცნების“ მცდელობებთან, იყიდოს ხმები, მოახდინოს ზეგავლენა ამომრჩევლებზე, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენი მეგობრები არიან ჩვენს გვერდით, ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ მშვიდ საარჩევნო გარემოზე ხვალისთვის,“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.