ლატვიის სეიმმა, მეორე მოსმენით, “გეორგიევსკის ლენტის” გამოყენება აკრძალა
ლატვიის სეიმმა, მეორე მოსმენით, მხარი დაუჭირა კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს “გეორგევსკის ლენტების” გამოყენების აკრძალვას სადღესასწაულო ღონისძიებებზე, შეკრებებზე, მსვლელობებსა და პიკეტებზე.
ამის შესახებ Delfi წერს.
სეიმმა მეორე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები კანონებში – “საჯარო გასართობი და სადღესასწაულო ღონისძიებების უსაფრთხოების შესახებ” და “შეკრებების, მსვლელობისა და პიკეტების შესახებ”.
როგორც სეიმის ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარემ, არტუს კაიმინშმა თქვა, მეორე მოსმენისას კანონპროექტში ცვლილებები არ შესულა და ეს იმაზე მეტყველებს, რომ აკრძალვა დამტკიცდება ბოლო, მესამე მოსმენითაც.
კაიმინშის თქმით, უკრაინაში რუსეთის აგრესიისა და ყოფილი სსრკ რესპუბლიკების წინააღმდეგ მისი ტოტალიტარული იდეოლოგიის გათვალისწინებით, ლატვიას აქვს ყველა მიზეზი, დაინახოს საკმარისი საფრთხე დემოკრატიული სისტემისა და უსაფრთხოებისათვის.
“გეორგიევსკის ლენტის” აკრძალვა შეზღუდავდა იდეოლოგიის ასეთ გამოვლინებებს. ჩვენ უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია საზოგადოებრივ ღონისძიებებზე ამ ლენტების გამოყენების წინააღმდეგ”, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ამჟამად, კანონი “საზოგადოებრივი გართობისა და სადღესასწაულო ღონისძიებების უსაფრთხოების შესახებ” კრძალავს ყოფილი სსრკ-ს დროშების, გერბებისა და ჰიმნების გამოყენებას.