ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნესპროექტების პრეზენტაცია გამართეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნესპროექტების პრეზენტაცია გამართეს, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ორივე სამინისტროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების – სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად მხარდაჭერილია 1,806 პროექტი. მოზიდულმა ინვესტიციამ 2,5 მლრდ ლარი შეადგინა და შეიქმნა 53,000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის მხრიდან ბიზნეს პროექტების თანადაფინანსებას 1 ლარის ოდენობით, მაგალითად, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების შემთხვევაში, მოაქვს 15,7 ლარის ინვესტიცია, ქვეყნის მშპ იზრდება 8.7 ლარით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში 5 ლარზე მეტი შეაქვს. რაც შეეხება სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებს, მათ მიერ პროფილურ ბიზნესებში განხორციელებულმა 1 ლარმა 4.4 ლარის მოზიდვა შეძლო, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს ბიზნესის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამების სარგებლიანობაზე.
პროგრამების შთამბეჭდავი შედეგების ნახვა შესაძლებელია ბენეფიციარების რუკაზე, რომელიც განთავსებულია საიტზე – www.programs.gov.ge. აქვე სახელმწიფო პროგრამების პოტენციურ ბენეფიციარებსაც შეუძლიათ, მიიღონ სრული ინფორმაცია და ჩაერთონ რომელიმე მათგანში, დაიწყონ ან გააფართოონ წარმოება ან ფერმერული მეურნეობა და, რაც მთავარია, უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საქართველოს მთავრობასთან ერთად ეკონომიკის განვითარებაში.