ვინ არის ალექსანდრ ფრანჩეტი, რომელიც რუსულ სპეცსამსახურებს ზურგს უმაგრებდა

რუსეთის მოქალაქე, ალექსანდრე ფრანჩეტი პრაღის აეროპორტში უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. ის პრაღიდან მოსკოვში გაფრენას აპირებდა. ჩეხეთის სასამართლომ მას ორკვირიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მალე გაირკვევა, მოხდება თუ არა მისი ექსტრადირება უკრაინაში. როგორც ირკვევა, 2014 წელს, იტალიური გვარის მქონე რუსისთვის ზურგის ქარმა ჩრდილოეთიდან დაუბერა და ყირიმში ჩაიყვანა. უკრაინის პროკურატურის განცხადებით, ფრანჩეტიმ იქ პრორუსული გასამხედროებული ფორმირება – „ჩრდილოეთის ქარი“ დააფუძნა.  ფრანჩეტის ჯგუფში 20-მდე ადამიანი იყო გაერთიანებული, ისინი ელექტროსადგურებს, ნავთობსადენებს იცავდნენ და ექსტრემისტულ საქმიანობასაც ეწეოდნენ. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ინფორმაცია, რომელსაც ფრანჩეტის ჯგუფი აგროვებდა, პირდაპირ რუსეთის არმიის ხელში ხვდებოდა. „რადიო თავისუფლების“ პროექტ „ყირიმი. რეალობა“-ს  უკრაინელი აქტივისტი, დმიტრი ბელოცერკოვეცი ყვება, რომ თუ   ფრანჩეტი სევასტოპოლში ჩავიდა და სხვადასხვა ობიექტის დაცვა დაიწყო, ეს მხოლოდ რუს სამხედროებსა და სპეცსამსახურებთან შეთახნმებით შეიძლებოდა, მომხდარიყო. „სხვანაირად ვერ მოხდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსი სამხედროები მას იქ, უბრალოდ, არ შეუშვებდნენ. ის ან რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელია, ან – რაღაც კონტრაქტის შემსრულებელი“, – განაცხადა აქტივისტმა.

ფრანჩეტის კრემლისგან მიღებული აქვს ორდენი „ყირიმის დაბრუნებისთვის“, რითაც ძალიან ამაყობდა და კამერების წინ თამამად პოზირებდა. 2015 წელს ის უკვე დაპყრობილი სევასტოპოლის მაღალი თანამდებობის პირებსაც ეხმარებოდა. მისი ნამდვილი გვარი ოლენევია. მას რუსეთის პასპორტი და პრაღის ბინადრობის უფლება წლებია, აქვს. ყირიმში ჩასვლამდეც, ჩეხეთში ფიტნესის ტრენერად მუშაობდა და  რუსეთის საელჩოს თანამშრომლების შვილებს ტაიკვანდოში ავარჯიშებდა. უახლოეს მომავალში კი გაირკვევა, გაუგრძელდება თუ არა ბინადრობის უფლება ადამიანს, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო ყირიმის ოკუპაციაში და ასევე საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებს.

ალექსანდრე ფრანჩეტი უკრაინული ონლაინ რესურსის – „მშვიდობისმყოფელის“ მონაცემთა ბაზაშიც იძებნება. ეს გვერდი 2014 წელს შეიქმნა და მსოფლიოს იმ ათასობით  ადამიანების შესახებ აცნობს, რომლებმაც ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციაში მიიღეს მონაწილეობა. ასევე, აქ გროვდება ინფორმაცია იმ ადამიანებზე, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა პოლიტიკური და სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს. „მშვიდობისმყოფელის“ ინფორმაციით, ფრანჩეტი თავდაპირველად დანაყოფ „სევასტოპოლის დაცვის“ წევრი გახდა, ამის შემდეგ, „ჩრდილოეთის ქარი“ დააფუძნა, რომელიც ქალაქის უკრაინულ მოსახლეობას ატერორებდა.

ჩეხეთი რომ კრემლისთვის „კერკეტი კაკალი“ აღმოჩნდა, ცოტა ხნის წინ უკვე ნათლად გამოჩნდა. 2021 წლის დასაწყისში, ჩეხეთში 4 სამხედრო პირი დააკავეს, რომლებიც რუსეთის ჰიბრიდულ არმიის მხარეს დონბასში იბრძოდნენ. მათ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

ასევე, წელს რუსეთსა და ჩეხეთს შორის სერიოზული დიპლომატიური სკანდალიც გაჩაღდა. ჩეხეთმა კრემლის სპეცსამსახურებს 2014 წელს ქალაქ ვრბეტიცაში იარაღის საწყობების აფეთქებაში დასდო ბრალი. გრუ-ს ოფიცრების მიერ საწყობების აფეთქებას ჩეხეთმა „სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ წარმოებული მიუღებელი აგრესია“ უწოდა.

საინტერესოა, რომ, ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, ჩეხებმა რუსეთი ატომურ ელექტროსადგურ „დუკოვანას“ ახალი ენერგობლოკის ასაშენებლად გამართული სახელმწიფო ტენდერიდან გამოთიშეს. შესაბამისად, რუსული სახელმწიფო კორპორაცია – „როსატომი“ ამ ქვეყნისთვის სასურველი ბიზნესპარტნიორი აღარ არის. ამ გადაწყვეტილების მიღება სწორედ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა, რადგან ჩეხეთი უკვე აქტიურად ცდილობს, კრემლს დანაშაულებრივი საქმიანობისთვის ასპარეზი არ დაუტოვოს.

იქედან გამომდინარე, რომ, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელებით, რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები დაარღვია, ყველა, ვინც ამ საქმიანობაში იყო ჩართული, საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიუღებელია.

მნიშვნელოვანი ისიც არის, რომ თუ ჩეხეთი რუს ფრანჩეტის უკრაინას გადასცემს, ამან შეიძლება, კიევს  იმის ბიძგი მისცეს, რომ  ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის მოვლენების სხვა დამნაშავეების გადაცემაც მოითხოვოს.

რევაზ გადაბაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები