აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: შეერთებული შტატები დეფოლტის ზღვარზეა
აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის უფროსმა, ჯანეტ იელენმა კონგრესმენები გააფრთხილა იმ “კატასტროფული” შედეგების შესახებ, რაც შეიძლება, მოხდეს, თუკი კონგრესი არ გაზრდის კანონით დადგენილ, სახელმწიფო ვალის ზღვარს ან არ შეაჩერებს სესხის აღების შეზღუდვებს 18 ოქტომბრისთვის.
მისი თქმით, უმოქმედობამ შეიძლება, გამოიწვიოს სპონტანური ეკონომიკური რეცესია და ფინანსური კრიზისი.
სენატში ბანკებთან დაკავშირებით მოსმენაზე იელენმა განმარტა, რა მოხდება, თუკი კონგრესი არ მიაღწევს შეთანხმებას ვალის ზღვარის შესახებ 18 ოქტომბრამდე.
ფინანსთა დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ აშშ ამ დღეს დეფოლტის წინაშე დადგება.
”ეს იქნება დამღუპველი ამერიკული ეკონომიკისთვის, გლობალური ფინანსური ბაზრებისთვის და მილიონობით ოჯახისა და მუშებისთვის, რომელთა ფინანსურ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება გადახდების გაჭიანურების გამო,” – თქვა იელენმა.
მისი თქმით, უმოქმედობის შედეგები იქნება საგრძნობი მთელს ეკონომიკაში. ხანდაზმულებს შეიძლება, შეექმნათ პენსიის მიღების პრობლემა, სამხედროებს არ ეცოდინებათ – როდის მიიღებენ ანაზღაურებას, ხოლო საკრედიტო ბარათებზე, მანქანის სესხებსა და იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შეიძლება, გაიზარდოს.
მისივე თქმით, დეფოლტი საფრთხეს შეუქმნის დოლარის სტატუსს, როგორც მსოფლიოს სარეზერვო ვალუტას, რაც ჩინეთისთვის საჩუქარი იქნება.
ასევე, იელენი ამბობს, რომ ”მთავრობის დახურვა ზიანს მიაყენებს პანდემიაზე რეაგირების შესაძლებლობას და შეაფერხებს მთავრობის ნორმალურ ფუნქციონირებას.”
აშშ-ის ფედერალურ მთავრობას ამჟამად 28.4 ტრილიონი დოლარის ვალი აქვს. კონგრესი ყოველთვის ზრდის ეროვნული ვალის ზღვარს ან საერთოდ აუქმებს მას გარკვეული დროით, რათა თავიდან აიცილოს აშშ-ის დეფოლტი დავალიანების გადახდის ნაწილში, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს გლობალური ფინანსური კრიზისი.
რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა განაცხადეს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ცალკე კანონპროექტს, რომელიც საშუალებას მისცემს მთავრობას, გააგრძელოს მუშაობა დეკემბრამდე, სანამ ბიუჯეტის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.