კახა კალაძე: მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტი აღდგება
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზურაბ აბაშიძესთან ერთად, სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში ამავე რაიონის მოსახლეობის კითხვებს პასუხობს.
ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვა მთაწმინდის ფერდს შეეხებოდა, რაზედაც კახა კალაძემ განაცხადა, რომ მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტი სრულად აღდგება და ამ მიმართულებით სამუშაოები უკვე დაიწყო.
„მთაწმინდის ფერდზე მართლაც მძიმე ვითარებაა – ფიჭვები გახმა, სანიტარიული ჭრის გარეშე ჯანსაღი ხეებიც დაავადდება. სამუშაოები ამ მიმართულებით დაწყებულია. დარგის სპეციალისტები აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთნენ. მე მინდა, მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, რომელმაც დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადა. მთაწმინდის ფერდი, რომელიც კუს ტბით მიმართულებით მიდის, სრულად მოწესრიგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.