“მთიან ყარაბაღში ომი დაგეგმილი აგრესია იყო” – სომხეთის საგარეო უწყება

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში დაწყებულ საომარ მოქმედებებს გამოეხმაურა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ომს თან ახლდა საერთაშორისო ნორმების ტოტალური დარღვევა და სამხედრო დანაშაულებები.

”საომარი მოქმედებების დროს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებს, სარაკეტო-საარტილერიო და საჰაერო იერიშების მიყენებით, მათ შორის, აკრძალული იარაღის გამოყენებით განზრახ ჰქონდათ მიზანში ამოღებული სამოქალაქოი ინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი დასახლებები, მათ შორის, სტეფანაკერტი, რამაც გამოიწვია ნგრევა და მსხვერპლი სამოქალაქო პირებს შორის. მასობრივი დანაშაულებების შესახებ მასალები შეგროვდა და წარედგინა საერთაშორისო ორგანიზაციებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ “44-დღიანი ომი იყო წინასწარ დაგეგმილი და მომზადებული სამხედრო აგრესია, რომლის მიზანი იყო ყარაბაღის საკითხის საბოლოოდ დახურვა სომხური მოსახლეობის განადგურებით. ამას მოწმობს ომის დროს აზერბაიჯანის ქმედებები, ასევე, მისი პოლიტიკა ომის შემდგომ პერიოდში”.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ, აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად, ყარაბაღის სომხები არაერთ ჰუმანიტარულ პრობლემას წააწყდნენ: 90 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები, 40 ათასზე მეტმა ადამიანმა დაკარგა ქონება, განადგურდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის, საავადმყოფოები და სკოლები. ამ მხრივ, ერევანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული და სხვა ორგანიზაციების შეუფერხებელ წვდომას.

“ერთი წლის შემდეგ, აზერბაიჯანი აგრძელებს სომეხი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების დაკავებას, არღვევს ვალდებულებებს, რომლებიც აიღო 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების შესაბამისად, ასევე, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. აზერბაიჯანის ხელისუფლება არა მხოლოდ განაგრძობს არწახის მოსახლეობის წინააღმდეგ მტრული პოლიტიკის გატარებას, არამედ ცვლის სომხურ ტოპონიმებს აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადასულ ტერიტორიებზე, ანადგურებს და შეურაცხყოფას აყენებს რელიგიურ სალოცავებს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ბაქოს მხრიდან ასეთი პოლიტიკა მოწმობს იმას, რომ შეუძლებელია აზერბაიჯანის ეგიდით ყარაბაღელი სიცოცხლისა და ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ძალის გამოყენების და ადამიანის უფლებების მასიური დარღვევის შედეგად შექმნილი სიტუაცია, ისევე როგორც აზერბაიჯანული მხარის ქმედებები ომის შემდგომ პერიოდში, არ შეიძლება, იყოს მყარი საფუძველი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებისთვის რეგიონში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები