მამუკა მდინარაძე – დმანისის ინციდენტზე: თუ დადასტურდება, რომ მძიმე პროვოკაციას ადგილი ჰქონდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის მიმართ, „ნაცმოძრაობას“ ეს ძალიან ძვირად დაუჯდება
“თუ დადასტურდება, რომ მძიმე პროვოკაციას ადგილი ჰქონდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის მიმართ, ეს „ნაცმოძრაობას“ ძალიან ძვირად დაუჯდება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დმანისში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„გუშინ, გახსოვთ, როგორი მკაცრები და ხისტები ვიყავით ამ პროვოკაციის ჩამდენის მიმართ. ბუნებრივია, ეს ძალაში რჩება, მაგრამ თუ ის დადასტურდება, რომ მძიმე პროვოკაციას ადგილი ჰქონდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის მიმართ, რათა ეს პროვოკაცია შემდგარიყო, იმ სერიების ფონზე, რომლებიც ვერ მოახერხეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ კონტექსტს ვგულისხმობ, ეს ძალიან ძვირად დაუჯდება „ნაცმოძრაობას“. ეს არის უდიდესი ამორალურობა, რა ინფორმაციასაც ვიღებ, მხოლოდ ამ ინფორმაციას დადასტურება სჭირდება. მე ჯერ ამაზე საუბარი, სამწუხაროდ, არ შემიძლია“, – განაცხადა მდინარაძემ.
დმანისში, სოფელ განთიადში წინასაარჩევნო შეხვედრას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიჭრა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-მ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი ადამიანი.