გიგა ბოკერია – ქარდავაზე: ამ ამბავმა გვაჩვენა, როგორი ღრმა პრობლემა გვაქვს, როცა გვყავს ხელისუფლება, რომელიც ადამიანს არჩევნების წინ საარჩევნო ამოცანებისთვის უკეთებს ექსტრადირებას
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია უკრაინიდან საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადიციას 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს.
„ამ ამბავმა გვაჩვენა, როგორი ღრმა პრობლემა გვაქვს, როცა გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ტიპის დანაშაულში პროკურატურის მიერ მხილებულ ადამიანს საარჩევნო ამოცანებისთვის უკეთებს ექსტრადირებას არჩევნების წინ“, – განაცხადა ბოკერიამ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს, 18 სექტემბერს კი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვდა. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.