მამუკა მდინარაძე: სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერების განცხადებები, თითქოს, წარმოდგენაც არ აქვთ, რას აკეთებდა ქარდავა და მათი ზონდერები

„მეგის ქარდავა „ნაცმოძრაობის“ ბოროტების სიმბოლოა“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოში ექსტრადირებული, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განცხადებას.

მდინარაძის თქმით, სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერები მეგის ქარდავას ემიჯნებიან, რაც სასაცილოა.

„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მიხელ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერების განცხადებები, რომლებიც ემიჯნებიან მეგის ქარდავას – თითქოს, წარმოდგენაც არ აქვთ, რას აკეთებდა ქარდავა და მათი ზონდერები და მკვლელები, რომლებიც ადამიანებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, აშანტაჟებდნენ და ქვეყანას ამყოფებდნენ ამ მდგომარეობაში. მეგის ქარდავა „ნაცმოძრაობის“ ბოროტების სიმბოლოა“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს, 18 სექტემბერს კი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვდა. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.
რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან წერილი ქარდავამ გუშინ გაავრცელა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები