მეუფე შიო: ღვთისმშობელი, როგორც დედა, ისმენს ჩვენს ლოცვებს, გვმფარველობს – განსაკუთრებით ჩვენთვისაა დიდი სიხარული, რომ ჩვენი სამშობლო წილხვედრია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მუჯირმა მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებისას დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს არის დღე, რომელსაც ეწოდება ჩვენი ცხოვრების დასაბამი, ჩვენი სულიერი გადარჩენის დასაწყისი. დღეს უნდა ვხარობდეთ, რომ დაიბადა ის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც უნდა გამხდარიყო შემდეგ ხიდი ღმერთსა და ადამიანს შორის. ეს არის დაწყება იმ უფსკრულის გადალახვისა, რომელიც ღმერთსა და ადამიანებს შორის იყო, განკაცების მომენტიდან. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს კიდევ უწოდებენ მაცხოვრის განკაცების კარიბჭეს. ასეთი ადამიანი დაიბადა დღეს. მისი შობა გახლავთ წყარო სიხარულის, ნუგეშის, რადგან მისი სახით უფალმა მოგვმადლა კაცობრიობას ის, ვის წინაშეც მუხლს იდრეკს უამრავი ადამიანი, ვისადმი ლოცვაშიც დაღვრილან და იღვრება ცრემლის მდინარეები. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, როგორც დედა, ისმენს ჩვენს ლოცვებს და გვისრულებს მას, გვმფარველობს. განსაკუთრებით ჩვენთვის, ქართველებისთვის არის დიდი სიხარული, რომ ჩვენი სამშობლო წილხვედრია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა.

შეგახსენებთ მის მიერ წარმოთქმულ შესანიშნავ სიტყვებს, საგალობელში იგი თავის თავზე ამბობს, რომ ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმა ჩემმა ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა. აქ ჩანს მთელი მისი სიცოცხლე, რომ იგი ადიდებს ღმერთს, მისი სული ადიდებს ღმერთს სიყვარულისთვის, უფლის სიბრძნისთვის, შემოქმედებისთვის, მფარველობისთვის, განგებულობისთვის, ყველაფრისთვის ადიდებს, მიუხედავად იმ ტანჯვის, განსაცდელისა და მწუხარებისა, რაც მან დაითმინა იესო ქრისტეს ჯვარცმის ჟამს და განიხარა სულმა ჩემმა ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა. სიხარულზე საუბრობს ღვთისმშობელი. ეს მის განწყობაზე მეტყველებს, რომ მას აქვს მუდამ ეს სიხარული, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩვენი დედა ხედავს ჩვენს უღირსებასაც, ცოდვებს, ნაკლოვანებებს და სტკივა გული, ინარჩუნებს ამ სიწმინდეს და ჭვრეტს უმაღლეს ზეციურ სიწმინდეს, იხარებს მისი სული უფლის მიმართ ანუ უფლის მაცხოვარების გამო, მისი ძის გამო, რომ იესო ქრისტემ ნებსით ჯვარცმა დაიტია ჩვენი ცხოვრებისთვის. ეს არის ძალა ღვთისმშობლისა, რის გამოც აქვს ასეთი გავლენა ჩვენს სულებზე. ჩვენ შეიძლება, ვთქვათ, ყოველი ქრისტიანი მოწოდებულია, ყოველთვის ადიდებდეს მისი სული უფალს და იხარებდეს ღვთის წინაშე. უფალს ჩვენ ყველანი ვუყვარვართ, უფრო მეტად, ვიდრე ჩვენს მშობლებს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვუყვარვართ და ყველას წინაშე, ყველას გამო გვშუამდგომლობს ღვთის წინაშე. ხშირად გვწყურია სიხარული, გვწყურია ეს სიწმინდე, ღვთაებრივი სინათლე, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენივე ცოდვების, უღირსობის გამო, ხელს ვუშლით, ვაბრკოლებთ, რომ ეს სიხარული და სინათლე ჩვენში შემოვიდეს. ამიტომ ამ დიდებულ დღეს ჩვენ შევევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია განსაცდელებისგან, გააძლიეროს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. მივულოცოთ ყველამ ერთად მას და მადლობა ვუთხრათ მისი ღვაწლისთვის. ჩვენი ოჯახები დაიფაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და შეგვეწიოს, დავამარცხოთ ყოველივე უღირსება, რაც ჩვენშია“, – განაცხადა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები