კახა კალაძე: მე არ მომწონს ეს ბანერები და არც ის სიბინძურე, რაც ე.წ. კრიტიკული მედიით გადაიცემა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წინააღდეგ მიმართულ ბანერებთან დაკავშირებით, რომლებიც ქალაქის ქუჩებშია დამონტაჟებული, მისკენ ხელს ვერავინ გაიშვერს. როგორც მერმა აღნიშნა, მას არ მოსწონს ეს ბანერები და არც ის სიცრუე, რაც მისი და მისი მეუღლის წინააღმდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება.

„დედაქალაქში დამონტაჟებულ, ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით, ჩემკენ ხელს ვერ გამოიშვერენ. ეს ოპოზიციის ბინძური პიარის ნაწილია, რასაც ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებენ ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, ამიტომ, არაფერი მიკვირს.

მე არ მომწონს ეს ბანერები და არც ის სიბინძურე მომწონს, რაც თქვენი ტელევიზიებისა და სხვა ტელევიზიების ე.წ. კრიტიკული მედიით გადაიცემა. ძალიან ბევრი ვიდეოკლიპი და გადაცემა შეგიძლიათ, ნახოთ ჩემ წინააღმდეგ სიბინძურე, სიცრუე, ცილისწამება ჩემ მიმართ, ჩემი მეუღლის მიმართ. აი, ეს ხართ თქვენ, სამწუხაროდ – ორმაგი სტანდარტით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ბანერების, წარწერით – „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ – კანონიერებას ცესკო შეისწავლის.

„საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილია 2 საჩივარი, რომელიც ეხება 17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში განთავსებულ ბანერებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უკვე დაიწყო მოკვლევა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ 10-დღიან ვადაში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება,” – აცხადებენ ცესკო-ში.

ბანერების ავტორი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა, რომელიც აცხადებს, რომ ისინი საკუთარი პოლიტიკური გემოვნებით დაამზადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები