ირაკლი ბერაია: განსაკუთრებულ პატივისცემას ვუდასტურებ ჩვენს მზვერავებს – ისინი საზოგადოებისთვის უცნობი გმირები არიან

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„მზვერავის საქმიანობა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და რისკის შემცველია. მადლობას ვუხდი სამსახურის პირად შემადგენლობას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მოწინავე პოზიციებზე მყოფ მზვერავებს – საზოგადოებისთვის უცნობ გმირებს, ვინც საქართველოსთვის მუშაობს მტრულ და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში და მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია“, – აღნიშნავს ირაკლი ბერაია.

მისი თქმით, დღეს მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ქვეყნის სადაზვერვო შესაძლებლობები.

„სამსახურს გააჩნია საუკეთესო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, პირადი შემადგენლობის მომზადება/გადამზადების და კრიტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობები. განსაკუთრებულ ხაზგასმას იმსახურებს სამსახურის ოპერატიული და ანალიტუკური შესაძლებლობები, რომელთა ეფექტიანობაც პირდაპირ იგრძნობა სადაზვერვო ინფორმაციის/ანალიტიკური პროდუქტის მოცულობაში, ხარისხში და მოწოდების სისწრაფეში. აღსანიშნავია სამსახურის მაღალი რეპუტაცია პარტნიორი სახელმწიფოების სადაზვერვო საზოგადოებებში და მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, კერძოდ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან და ნდობის ჯგუფთან. სამსახურს სათავეში უდგას მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული და ღირსეული ხელმძღვანელი – შალვა ლომიძე, რომლის საქმიანობაც ორიენტირებულია ქართული დაზვერვის უწყვეტ განვითარებაზე და ეფექტიანობის შემდგომ ამაღლებაზე“, – აღნიშნავს ის.

ირაკლი ბერაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, დაზვერვის სამსახურს მუდმივად გააჩნდეს გაშლილი და მყარი ოპერატიული პოზიციები ყველა საჭირო და მნიშვნელოვან მიმართულებებზე, ჰქონდეს წვდომა მოწინააღმდეგეების დაცულ ინფორმაციაზე, რომლის ცოდნაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის

„აგრეთვე, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების შესაძლებლობები, განსაკუთრებით მათი ფორმირების პროცესში. შესაბამისად სადაზვერვო შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. დაზვერვის სამსახურს აქვს და ყოველთვის ექნება საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა, განსაკუთრებით დაფინანსების გაზრდის თვალსაზრისით. განსაკუთრებულ პატივისცემას ვუდასტურებ ჩვენს მზვერავებს. წარმატებებს ვუსურვებ ქართულ დაზვერვას“, – აღნიშნულია ირაკლი ბერაიას მიერ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები