ირაკლი კობახიძე ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე: ეს არის „მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წელი უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა

როგორც ჩანს, ეს არის „მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის განმავლობაში უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ბანერებთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით – „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“.

ამასთან, როგორც კობახიძემ ბანერებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, „ეს გამოხატვის თავისუფლებაა“.

„ამ ქვეყანაში ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს გამოხატვის ესა თუ ის ფორმა, ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ეს გამოხატვის თავისუფლებაა. როგორ ჩანს, ეს არის „მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის განმავლობაში უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა. მეგის ქარდავაც, რა თქმა უნდა, სააკაშვილთან, უგულავასთან და სხვებთან ერთად განასახიერებს იმ სისხლიან რეჟიმს, რომელიც 9 წლის განმავლობაში ამძიმებდა საზოგადოებაში ვითარება“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, უწყობს თუ არა ხელს მსგავსი შინაარსის ბანერები პოლარიზაციას, კობახიძე ამბობს, რომ მთავარი პოლარიზატორი „რადიკალური ოპოზიციაა“.

„რა თქმა უნდა, გამოხატვის ნებისმიერი ფორმა, რომელიც ასეთ ნიშნებს შეიცავს, ბუნებრივია, ხელს უწყობს პოლარიზაციას, მაგრამ მთავარი პოლარიზატორები კარგად იცით, ვინ არიან. ეს არის რადიკალური ოპოზიცია სამი კუთვნილი პარტიული ტელევიზიით. დანარჩენი არის ამ ყველაფერზე საზოგადოების პასუხი“,- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები