ე.წ. კასრების საქმე, ციხის ბუნტი, პატიმართა წამება, სერგო თეთრაძის მკვლელობა – რას ედავება პროკურატურა მეგის ქარდავას

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიცია დღეს განხორციელდა. ქართულ მართლმსაჯულებას ის უკრაინულმა მხარემ გადმოსცა. “კვირამ” გაიხსენა, რა მძიმე დანაშაულებებშია ბრალდებული მეგის ქარდავა.

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მაღალჩინოსანი, მეგის ქარდავა, ზედმეტსახელად „ჯალათი“ რამდენიმე გახმაურებულ საქმეზეა მსჯავრდებული: ე.წ. ციხის ბუნტის საქმე, პატიმართა წამების საქმე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე), „კასრების“ საქმე, ბ.რ.-ს წამების საქმე, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმე.
ამჟამად, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსრულებლად იხილება ქარდავას ბრალდების, სისხლის სამართლის 5 საქმე: სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი – მალხაზ არქანიას წამების საქმე, ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმე.

ჩამონათვალი მართლაც „შთამბეჭდავია“, თუმცა, ყველაზე მძიმე ბრალდებები “ჯალათს“ “კასრების საქმეზე” აქვს წაყენებული.

“კასრების საქმე”
2013 წელს ზუგდიდში, სოფელ ნარაზენის ტყეში პოლიეთილენის 8 ცალი კასრი იპოვეს, სადაც, დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზიდან წამოღებული დოკუმენტები, ნარკოტიკული საშუალებები და 18 ცალი ვიდეოფირი აღმოჩნდა. როდესაც კასრებში ნაპოვნ ვიდეოფირებზე ჩაწერილი მასალა დაათვალიერეს, აღმოაჩინეს, რომ ორ მათგანზე ორი მამაკაცის გაუპატიურების ამსახველი კადრები იყო ჩაწერილი. გამოძიებამ ფირზე აღბეჭდილი ყველა პირის იდენტიფიცირება მოახერხა და ისინი დააკავა. ნაპოვნი ვიდეოჩანაწერებისა და სხვა მოკვლეული მასალით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მეგის ქარდავას პოლიციელებისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისაგან შექმნილი ჰქონდა დაჯგუფება, რომლის წევრებიც უკანონოდ აპატიმრებდნენ ადამიანებს და, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, წინასწარ აშენებულ მიწისქვეშა ბუნაგებში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. დაკავებულის გასაუპატიურებლად კი ადამიანს ქირაობდნენ, რაშიც მას ფულს უხდიდნენ. “კასრების საქმეზე” განაჩენი 2014 წელს გამოცხადდა. საქმის მასალების მიხედვით, 12 ბრალდებულიდან ერთ-ერთს – თ.უ.-ს ბრალი ორი მამაკაცის გაუპატიურებაში ედებოდა, რის სანაცვლოდაც მან მთლიანობაში 55 ლარი აიღო.

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე
მეგის ქარდავას საქმეებში ერთ-ერთი მძიმე საქმე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციას ეხება.
2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თითქოსდა, რუსთავის N1 ციხეზე თავდასხმისა და პატიმართა გაქცევის აღსაკვეთად ჩატარებული ე.წ. სპეცოპერაციისას განახორციელეს სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა. იმავე დღეს, ჩატარებული სპეცოპერაციისა და პატიმრების გაქცევის შესახებ გამოგონილი ამბის დამაჯერებლად წარმოჩენის მიზნით, იმ დროისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების დირექტორმა, მეგის ქარდავამ, დეპარტამენტის თავმჯდომარესა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, რუსთავის N1 დაწესებულებაში აწამეს პატიმრები. პატიმართა მიმართ სასტიკი ძალადობა გაგრძელდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში გადაყვანის პროცესში და ამ დაწესებულებაში მათი მიყვანის შემდგომაც.

ე.წ. ციხის ბუნტის საქმე
საქართველოს პროკურატურა ქარდავას პატიმართა მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ედავება, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, განსაზღვრული აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების დირექტორმა – მეგის ქარდავამ, დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებულ რამდენიმე მსჯავრდებულს ღირსებისა და პატივის შელახვით მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა მათი დაწესებულების ეზოში გაყვანის შემდგომაც. ყველას დასანახად პატიმრების უმოწყალოდ ცემამ და მათი ამ ფორმით ბადრაგირებამ სასჯელაღსრულების დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, პატიმართა ბუნტი და საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

სერგო თეთრაძის საქმე
მეგის ქარდავას მიმართ ასევე გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი სერგო თეთრაძის საქმეზე, პატიმართა მიმართ განხორციელებული წამების, წამების ორგანიზების, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. აღნიშნულ დანაშაულებზე ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი.

გარდა ხსენებული საქმეებისა, მეგის ქარდავას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელიც სამი პატიმრის მიმართ განხორციელებულ წამებას შეეხება, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები