განათლების კომიტეტმა სახელმწიფო ენისა და ავტონომიური რესპუბლიკების პროფესიული განათლების შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით იმსჯელეს „სახელმწიფო ენის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებაზე, რომელიც მას საქართველოს ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანს. კერძოდ, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გასწორდება „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში არსებული ხარვეზი, რომელიც მუხლის ნუმერაციას უკავშირდება.

დღესვე კომიტეტმა განიხილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტი შემუშავდა პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის (2013-2020 წლები) შესაბამისად, რომლის საფუძველზეც პროფესიული განათლების რეფორმები დაიწყო.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები უფლებამოსილი იქნებიან პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით, დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

„ეს შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო ეფექტური, მოქნილი და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული გახდეს პროფესიული განათლება ავტონომიური რესპუბლიკისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის“, – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ.

კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა სხდომაზე განხილულ ორივე კანონპროექტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები