კრემლი მრავალმხრივ მეთოდებს იყენებს იმისთვის, რომ თავისი ინტერესების სფეროში მყოფი ქვეყნები საკუთარ „უკანა ეზოდ“ აქციოს. რუსეთი ხან სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობას თავისი სპეცსამსახურების ხელით ცდილობს, ხან არჩევნების წინ თავისი გავლენის ქვეშ მყოფ პოლიტიკოსებს აფინანსებს და ხანაც გამოცდილი პოლიტიკური მრჩევლების დესანტს აგზავნის.
სწორედ ასეთი მეთოდებით იმოქმედა კრემლმა მოლდოვაში მართული ხელისუფლების შესანარჩუნებლად და დასავლური ყაიდის პოლიტიკოსის, მაია სანდუს ხელისუფლებაში მოსვლის შესაჩერებლად. 2020 წლის საპრეზიდენტო და 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რუსეთის ხელისუფლებამ მოლდოვაში მრჩევლებისა და სპეცსამსახურის ოფიცრები გააგზავნა პრორუსული პარტიებისთვის არჩევნებში დასახმარებლად. თუმცა, ამ მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო.
მოლდოველებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს და კრემლის მიერ მოსყიდულ პოლიტიკოსები არ აირჩიეს.
„მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“, რომლის თავმჯდომარეა პრეზიდენტი მაია სანდუ, 21 ივლისს გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებშიც გამარჯვება მოიპოვა. მიღებული შედეგების შესაბამისად, სწორედ ამ პარტიამ დააკომპლექტა მინისტრთა კაბინეტი. სანდუს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იმის გამო მოუწია, რომ წინა მოწვევის პარლამენტი რამდენიმე თვის განმავლობაში ხელს უშლიდა ახალი მთავრობის დაკომპლექტების პროცესს და ამაში დიდი წვლილი სწორედ პრორუსულად განწყობილ, დოდონის პარტიას მიუძღვის.
ნიშანდობლივია, რომ გერმანულ მედიაში მანამდე გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ კრემლმა 11 მილიონ ევროზე მეტი ჩადო მოლდოვის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ იგორ დოდონი მოლდოვის პრეზიდენტი კვლავ გამხდარიყო და რუსეთის გავლენა ევროპის ამ ნაწილზე შენარჩუნებულიყო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 4 მილიონი ევრო განკუთვნილი იყო ქრთამების დასარიგებლად იმ „მეგობარი კანდიდატებისთვის“, რომლებსაც არჩევნების შემდეგ მოლდოვაში კრემლისთვის სასიკეთო პოლიტიკა უნდა ეწარმოებინათ. 528 ათასი ევრო განკუთვნილი იყო პროპაგანდისტული მედიაპროექტებისთვის. 393 ათასი ევრო უცხოელი დამკირვებლებისთვის იყო გამოყოფილი, ხოლო 0,5 მილიონი ევრო – კენჭისყრის შედეგების „სწორი“ დამუშავებისთვის. მოლდოვის სოციალისტების პარტია, რომელსაც იგორ დოდონი ხელმძღვანელობს, ამ ინფორმაციის გავრცელებამ აღაშფოთა. დოდონის პარტიამ ამ ყველაფერს “სიცრუე” უწოდა და რაიმე ფინანსურ კავშირის არსებობა კრემლთან უარყო. თუმცა, დღეს ყველა მოლდოველმა იცის, რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა ყოფილ პრეზიდენტზე მოსკოვს, რაზეც თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ექსპრეზიდენტი დოდონი უკრაინისთვის „პერსონა ნონ გრატა“ გახდა. მიზეზად სახელდება 2016 წელს, დოდონის მიერ გაკეთებული განცხადება „ყირიმის რუსული კუთვნილების“ შესახებ. ამის გამო, მას უკრაინაში ვიზიტები აეკრძალა, მას არც უკრაინის პრეზიდენტი და არცერთი უკრაინელი პოლიტიკოსი არ ხვდებოდა. არადა, მოლდოვის ორი მოსაზღვრე ქვეყნიდან ერთი სწორედ უკრაინაა, ხოლო მეორე – რუმინეთი. რუმინეთის მხრიდან ბლოკადა ასეთი სრული არ ყოფილა, თუმცა, ისიც საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ დოდონი ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით არასოდეს მიუწვევიათ.
ცოტა ხნის წინ, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს “ასოცირებული ტრიოს” დაფუძნების თაობაზე, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით ძალების გაერთიანებას გულისხმობს. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები შეთანხმდნენ ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავებაა. მოლდოვას „სოციალისტების პარტიის“ ლიდერმა, კრემლის ფავორიტმა და აწ ყოფილა პრეზიდენტმა დოდონმა კი განაცხადა, რომ ეს მემორანდუმი რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. თუმცა, ასე არ ფიქრობს მოლდოველი ხალხი, რომელიც უკვე მიხვდა, რომ კრემლზე დამოკიდებულება და პრორუსული პროპაგანდის ნდობა დამღუპველია.
ლელა კვარაცხელია