ჯუანშერ ბურჭულაძე: რა თქმა უნდა, სამართლებრივ ჭრილში ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს
“აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმ მოვლენებთან, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც აუპატიურებდნენ ადამიანებს, იწერდნენ, შემდგე მათ აშანტაჟებდნენ და არ არის გამორიცხული, რომ იგივე ხალხი ჰყავდეთ დღესაც დაშანტაჟებული”, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ჟურნალისტებთან საუბრისას.
„რა თქმა უნდა, სამართლებრივ ჭრილში ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ნუ აძლევთ თქვენ კვალიფიკაციას დანაშაულს წინასაწარ. ჩვენი საზოგადოებრივი ვალია, რომ ყველა მხარეს ადამიანის უფლებები დავიცვათ. კვალიფიკაციას ნუ მივცემთ სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობის ნიშნებს. ვინ ჩაიდინა დანაშაული, ამას დაადგენს სასამართლო და ბრალდების მხარე ბრალს წაუყენებს”, – განაცხადა ბურჭულაძემ.
ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.
საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.