ნანა კაკაბაძე: საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას და ქვეყნის ეროვნული იდენტობისთვის საფუძვლის გამოცლის მცდელობას, რაც ქართული სახელმწიფოსთვის მძიმე შედეგებით დასრულდება
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ფარულ ჩანაწერებზე გავრცელებულ მასალას გამოეხმაურა და “ფარისევლობის ზენიტი” უწოდა.
მისი თქმით, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს.
“ფარისევლობის ზენიტი. მსურს, გამოვეხმაურო ზღვარს გადასულ კამპანიას, რომელსაც ქვეყნის კრიმინალური ოპოზიცია და მის დაქვემდებარებაში მყოფი ტელევიზიები აწარმოებენ ეკლესიის წინააღმდეგ. უკანასკნელი სამარცხვინო მაგალითი რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი მათგანის ეთერში ვიხილეთ.
საზოგადოებას შევახსენებ, ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოდან საქართველოს პოლიტიკურ სპექტრსა და არასამთავრობო სექტორში შეინიშნებოდნენ გარკვეული ჯგუფები და ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად ეწეოდნენ ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საფუძვლის – საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის დისკრედიტაციას.
იმ პერიოდში ეს ხალხი მარგინალურ ჯგუფს წარმოადგენდა, თუმცა სამწუხაროდ, შემდეგ ხელისუფლების ხელში ჩაგდება მოახერხეს და ეკლესიის დისკრედიტაციისთვის უფრო მძლავრი ბერკეტები მოიპოვეს.
ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც და მას შემდეგაც, რაც ეს პარტია ოპოზიციაშია, ამ ძალასთან აფილირებული ჯგუფები მუდმივად თავს ესხმიან ეკლესიას და ცდილობენ საქართველოს გამოაცალონ იდენტობის საფუძველი.
ამ მიზანს ემსახურება ბოლო დღეებში ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიაში გაჟღერებული აბსურდული ბრალდებები, თითქოს, ეკლესიის წევრები აგენტურულ საქმიანობას ეწევიან და ძირს უთხრიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რაც უკვე ყოველგვარ ზღვარს გადასული, აღვირახსნილი პროპაგანდა და
საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ პირდაპირი, ღია ომის გამოცხადებაა.
მე და ჩემი თანამებრძოლები, ეროვნული მოძრაობის წევრები სწორედ ამ ბოლშევიკურ მიდგომებს ვებრძოდით საბჭოთა კავშირში. სამწუხაროდ, დამოუკიდებელ საქართველოში მივიღეთ ნეობოლშევიკები ნაციონალური მოძრაობის სახით. ამ ბოლშევიზმმა და უღმერთობამ, 1921 წელს ერთხელ უკვე გადაიყოლა საქართველოს სახემწიფოებრიობა და ჩააბარა ქვეყანა საბჭოთა რუსეთს.
საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას და ქვეყნის ეროვნული იდენტობისთვის საფუძვლის გამოცლის მცდელობას, რაც ქართული სახელმწიფოსთვის მძიმე შედეგებით დასრულდება.
ამიტომ საზოგადოებამ სათანადო პასუხი უნდა გასცეს ყველა ასეთ უმსგავსობას! ამჯერად თანამედროვე „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის“ ეს წარმომადგენლები მოდელირებულ რეალობას სინამდვილედ ასაღებენ.ისინი ეკლესიაზე ფარისევლური ზრუნვის პოზიციიდან უტევენ როგორც ეკლესიას ასევე ხელისუფლებას.
მინდა მჯეროდეს, რომ ამ ბრძოლაში საქართველო გაიმარჯვებს,- წერს ნანა კაკაბაძე