პაპუაშვილი – სააკაშვილზე: თუ მოხვდება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო აკონტროლებს, სასამართლო განაჩენების აღსრულება მოხდება
“სააკაშვილმა მედიაში 17-ჯერ განაცხადა, რომ იგი საქართველოში ჩამოსვლას აპირებდა, თუმცა, არ ჩამოვიდა”, – ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ის არის უკრაინის მოქალაქე, რომელიც საქართველოშია გასამართლებული.
„იცით, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მას სამი წელი აქვს მისჯილი, ვალერი გელაშვილის საქმეზე – ექვსი წელი. ვფიქრობ, ნებისმიერი, საქართველოს მოქალაქე ახლა იმაზე ფიქრობს, რომ ეს განაჩენები უნდა აღსრულდეს. შესაბამისად, თუკი ის მოხვდება საქართველოს იურისდიქციის ქვეშ და იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო აკონტროლებს, ამ განაჩენების აღსრულება მოხდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.