ყვარელში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი – ბრალდებულის ადვოკატის კომენტარი

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელი ბრალს აღიარებს და ჩადენილ დანაშაულს ნანობს, – ამის შესახებ მისმა უფლებადამცველმა ცოტა ხნის წინ ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ განაცხადა.

ლეილა გარსევანიშვილის განცხადებით, ბრალდებულმა ხელყუმბრა რამდენიმე წლის წინ ალაზნის ჭალაში იპოვა. რაც შეეხება მოტივს, ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საცხოვრებელი სახლი იპოთეკით ჰქონდა 52 ათას ლარამდე დატვირთული, რომლის გადახდის საშუალება არ ჰქონდა.

„ბანკში შეიჭრა და ფული მოითხოვა სწორედ არსებული დავალიანების მიზეზით. მელიქიშვილი ამბობს, რომ ჯერ დოლარი მოითხოვა და მისი განმარტებით, ჩათვალა საჭიროდ რომ ლარიც მოეთხოვა“, – აღნიშნა ლეილა გარსევანიშვილმა.

სასამართლო სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში ხვალ გაიმართება, თუმცა კონკრეტული საათი ამ დროისთვის უცნობია.

შეიარაღებული პირი ბანკში 9 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დაახლოებით ორი საათის შემდეგ, ყველა მძევალი უკვე თავისუფალი იყო და შენობაში მხოლოდ თავდამსხმელი რჩებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ ის პოლიციამ დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები